"მეტროპოლიტენის მუშაობა არ გაჩერდება, პრობლემის შემთხვევაში მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ"

25-11-2020 19:43:27 საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება.

მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, "რომლის ფარგლებში საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს".

"დღეს რომ მეტროპოლიტენი გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. რის ხარჯზე? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რაც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი, თუმცა მეტროპოლიტენს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, პრობლემების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტროპოლიტენის მუშაობა არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ ეპიდემიოლოგების მხრიდან ტრანსპორტის შეჩერებაზე დამატებით მითითებები იქნება, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენის 250 მემანქანიდან ინფიცირებულია 20-მდე ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები