
დიეგო მარადონა გარდაიცვალა
25/11/2020 16:31:00 საზოგადოება
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. იგი 60 წლის იყო, – იუწყება არგენტინული მედია.
ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი 2-ჯერ დაამყარა. პირველად 1982წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ – 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
1991 წელს მას შემდეგ, რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, მარადონას ფეხბურთის თამაში 15 თვით აუკრძალეს. 2005 წელს დიეგომ ნარკო-დამოკიდებულება დაძლია.
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში იგი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მარადონას ეს თანამდებობა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.