უკრაინა ევროკავშირს მინსკის ხელშეკრულებებიდან გასვლით დაემუქრა

13-05-2019 20:46:54 ევროპა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ევროპელ ლიდერებს მინსკის ხელშეკრულებებიდან გასვლით დაემუქრა, თუკი ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთზე ზეწოლას შეამცირებენ. 

„თუკი თქვენ ამაზე წახვალთ როგორც რამდენიმე ქვეყანას სურს, იმავე დღეს გამოვალ და ვიტყვი, რომ „მინსკი“ აღარ გვაქვს და იგი არა მარტო რუსეთმა მოკლა, არამედ თქვენც. დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების ცალკელი რაიონების მაცხოვრებლებისთვუს რუსული პასპორტების გაცემის დაწყების გადაწყვეტილების ფონზე რუსეთისკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ტოტალურად არღვევს მთელს იმ ლოგიკას, რომელსაც დღემდე მივყვებოდით“, – განაცხადა პავლო კლიმკინმა ბრიუსელში დღეს გამართული ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტების სხდომის შემდეგ და იქვე დასძინა, რომ რამდენიმე ევროპელი კოლეგის წინაშე ეს პრეტენზიები პირადად გამოხატა. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის სასანქციო რეჟიმის მოხსნის მთავარი მომხრე გერმანია იყო, რომელსაც საფრანგეთი და რიგი სხვა ქვეყნები უჭრენ მხარს. 

ცნობისთვის: დღესვე, კლიმკინის განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა უარი განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოეღო, რასაც, კერძოდ, ლიეტუვა და ესტონეთი ითხოვდნენ რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემის საპასუხოდ. 


ახალი ამბები

სხვა სიახლეები