
როგორ დაეხმარება მთავრობა რუსული სანქციებით დაზარალებულ ბიზნესს
28/06/2019 15:58:03 ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იმ გეგმაზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მთავრობა რუსული სანქციებით დაზარალებული ბიზნესის დახმარებას. როგორც მინისტრი ამბობს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზოგადი მონახაზის წარდგენა შეუძლია, ვრცლად მომდევნო კვირაში წარადგენს:
"მთავარი აქცენტი არის საქართველოს მშვიდი ტურისტული იმიჯის განმტკიცება. აქ ვმუშაობთ ჩვენ ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანე ერთად, დიპლომატიური არხები გვაქვს ჩართული. მეორე მიმართულება არის დახმარება ლოჯისტიკაში და აქ ჩვენ ფინანსური კონტრიბუციით შემოვალთ. მესამე მიმართულება არის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე სასტუმროების მეპატრონეებს, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებით. ამ თემაზე გვაქვს კონსულტაცია ბანკებთან." - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
თურნავამ ყურადღება ტურისტული ნაკადების მოზიდვაზეც გაამახვილა. მისი თქმით, 2020 წლიდან დიდი ალბათობით საქართველოში ავიაკომპანია Ryanair დაიწყებს ფრენას, რაც ახალი ტურისტულ მიმართულებებს გახსნის:
"იმისთვის, რომ 2020-ში დაიწყოს Ryanair-ის ფრენები და ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019 წლის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ პირველი შემოთავაზება, გავაანალიზეთ, იყო გარკვეული ფრენები, რომლებიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანა არის, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც ჩვენ მეტი ახალი ტურისტი შემოგვივა." - ამბობს მინისტრი.
ცნობისთვი: რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები წყდება. ამასთან ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მთავრობას რუსი ტურისტების უკან დაბრუნება დაავალა.