მთავრობა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

26-11-2020 20:03:56 საზოგადოება

საქართველოს მთავრობა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

  • დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემებრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

  • დიახ, შესაძლებელია.

შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

  • დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე სპეციალური ნებართვების გარეშე.

შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

  • დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება?

  • ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოებრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს შაბათს და კვირას 16 იანვრიდან-31 იანვრის ჩათვლით.

იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

  • ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

  • დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
  • გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის 21:00-დან 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე - 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე, როდესაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

  • დიახ, იზღუდება.

დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

  • გადაადგილების შეზღუდვა 21:00სთ-05:00მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზრუდვა, ისევე როგორც კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

  • დიახ, 9-ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაში

თუ მოქალაქეს ჰყავს პირადი სამარშუტო ტაქსი, შეუძლია თუ არა, ოჯახის წევრები გადაიყვანოს ქალაქიდან ქალაქში?

  • დიახ შეუძლია.

დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები