Accentnews.ge
«რუსეთი ცდილობს, არა მარტო დაეუფლოს მთელს აფხაზურ ენერგოსისტემას ენგურჰესთან ერთად, არამედ ამით დიდი ფულიც იშოვოს»

«რუსეთი ცდილობს, არა მარტო დაეუფლოს მთელს აფხაზურ ენერგოსისტემას ენგურჰესთან ერთად, არამედ ამით დიდი ფულიც იშოვოს»

28/11/2020 18:58:19 კონფლიქტები

ბოლო ორი თვის განმავლობაში აფხაზეთი წყვდიადში იძირებოდა დღე-ღამეში ჯერ ექვსი საათით (დღისით ოთხით და ღამით ორით), ოდნავ მოგვიანებით - ოთხით, ახლა კი — სულ ორით. ელექტროენერგიის გათიშვების უმრავლესობა, უპრეცედენტო ჯერ კიდევ ომის დასრულების დროიდან, სამუშაო დღეებზე მოდიოდა. ამ პერიოდებში ცხოვრება რესპუბლიკაში, შეიძლება, ითქვას, იყინებოდა, რადგან არ მუშაობდა არც ერთი დაწესებულება — არც სახელმწიფო, არც კერძო.

ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრი გათიშვები, რომელთა განრიგს კომპანია «ჩერნომორენერგო» ადგენდა და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებდა, მოსახლეობას იძულებით ნაბიჯად წარუდგინეს. დასახელებული მიზეზები შემოიფარგლებოდა სავალალო მდგომარეობით ენერგეტიკაში, უკიდურესად მოძველებული ქსელებითა და მაინერებით, რომლებიც უკანონოდ შთანთქავენ მილიონობით კილოვატ/საათს. სხვათა შორის, წელს, პირველად ხუთი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას არც ერთხელ არ უხსენებია წყლის კრიტიკულად დაბალი დონე ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში, რის გამოც აფხაზეთი წარსულში არაერთხელ ჩაბნელებულა: შემოდგომა ხომ ნალექიანი გამოდგა და ეს მითი წამში დაიმსხვრეოდა.

ამჯერად ენერგეტიკოსები საუბრობდნენ გასულ წლებში დაშვებულ შეცდომებზე და ვითარების თუნდაც მცირედით გამოსწორების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაზე. ამ ყველაფერს კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაც დაემატა, რომელიც აფხაზეთში თითქოს აკრძალულია, თუმცა დიდად არ კონტროლდება.

«სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგისთვის 64 632 ერთეული დანადგარი შეიტანეს, მათგან 2020 წლის 9 თვის განმავლობაში - 43 414», - წერს Facebook-ში საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჯოპუა. მისივე ინფორმაციით, მთელი ამ 9 თვის განმავლობაში აფხაზეთში ეს აღჭურვილობა მთელი ფერმებით, 40-ფუტიანი კონტეინერების ბაზაზე შეჰქონდათ, თითოეულში - 550 მანქანით. «სანამ აფხაზეთს პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური კატაკლიზმები არყევდა, საზღვარზე დღე-ღამის განმავლობაში ათამდე ასეთი კონტეინერი გადმოჰქონდათ. და პოლიტიკურ უთანხმოებებს, როგორც ჩანს, სულაც არ შეუშლია ხელი, ამ 9 თვის განმავლობაში აფხაზეთში ეს ყველაფერი იმ რაოდენობით შემოეზიდათ, რამდენიც ქვეყანას ელექტროენერგია არ აქვს», - ასკვნის ჯოპუა.

აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მართლაც, 2019 წლისა და 2020-ის პირველი ნახევრის განმავლობაში რესპუბლიკაში კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად 80 მლნ რუბლზე მეტი ღირებულების აღჭურვილობაა შეტანილი. თუმცა მონაცემებს იმის შესახებ, ვის ეკუთვნის ეს ყველაფერი, სახელმწიფო სტრუქტურა არ ამხელს. გამოდის, რომ თავად საქმიანობა აკრძალეს, ხოლო მის განსახორციელებლად აღჭურვილობის შეტანა - არა. პარადოქსული არ არის?

«სახელისუფლებო ორგანოების მიერ კრიპტოვალუტის აკრძალული მაინინგის საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების ანალიზი არასაკმარისად ეფექტურია, სანახევრო და დეკლარატიული ხასიათის», - აცხადებს პარტია «აინარი», რომელიც მკაცრად აკრიტიკებს აფხაზეთის ხელისუფლებას კრიპტოვალუტის მომპოვებელთა მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების სფეროში წესრიგის დამყარების «ბუნდოვანი მცდელობების» გამო.

მის მოსაზრებას იზიარებს ომის ვეტერანთა ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია «არუააც», რომლის ხელმძღვანელი — თემურ გულია აცხადებს, რომ «ჩვენი საერთო ენერგოსისტემის კრიპტოვალუტის მოპოვების ბიზნესისთვის გამოყენება დაუშვებელია».

თუმცა ღირს კი, აფხაზეთის ენერგომომარაგების კუთხით არსებული ყველა პრობლემა მაინერებს დავაბრალოთ? ამაზე რესპუბლიკაში ცოტა თუ საუბრობს. უმრავლესობა ამჯობინებს, კრიპტოვალუტის მომპოვებლები ყველაფერში დამნაშავე მისტიურ ურჩხულებად წარმოაჩინოს.

აფხაზეთის პრაქტიკულად ყოველი ახალი ხელმძღვანელობა აცხადებდა ენერგეტიკის სფეროში მოსალოდნელი კოლაფსის თაობაზე, თუმცა ყოველ ჯერზე რეალურად არაფერი კეთდებოდა და საკითხის გადაჭრას «უკეთესი დროისთვის» ავადებდნენ, - როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ ვითარება ოდესმე თავისით გამოსწორდებოდა. ასე არ მოხდა. მეტიც, ახლა კოლაფსი იმდენად გაღრმავდა, რომ ეროვნული ენერგეტიკის წინაშე უკვე არსებობის საკითხი დადგა დღის წესრიგში. გადაუჭრელი პრობლემების წყება მოსახლეობას ერთბაშად დაატყდა თავს. ეროვნული ენერგოსისტემის დაკარგვის რისკი სრულიად რეალურია და პირველად წლების განმავლობაში, აფხაზეთში ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთისთვის მის მიყიდვაზე.

«ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის უუნარობის მოტივით აფხაზეთის გენერაციის სიმძლავრეები და ენერგოქსელები სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო მფლობელთა ხელში გადასცეს, აფხაზეთის ეროვნული ინტერესების მიზანმიმართულ გაყიდვად შეფასდება», - განაცხადეს «არუაას» წარმომადგენლებმა.

და თუ აქამდე აფხაზური საზოგადოება მხოლოდ ვარაუდობდა, რომ ვიღაც ქვეყნის ენერგოსისტემის მისაკუთრებას ცდილობდა, ახლა ყველაფერი ნათლად გამოიკვეთა: ეს ვიღაც იდუმალი, ვინც ცდილობს, აფხაზეთს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი წაართვას, რუსეთია.

«დიდხანს და დაჟინებით გვტენიდნენ თავებში, რომ ენერგეტიკის კუთხით კოშმარული პრობლემები გვქონდა, გაჰყვიროდნენ, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, რამე უნდა ვიღონოთო! საქმით კი არაფერი კეთდებოდა, რათა შემდგომში, საჭირო მომენტში ჩვენი ენერგოსისტემა უბრალოდ გადაელოცათ რუსებისთვის. და ნათელია, რომ საჭირო დრო უკვე დადგა. ჩათვალეთ, საკუთარი ენერგოსისტემა აღარ გვაქვს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე დანიილი. მისივე თქმით, აფხაზური ენერგეტიკის საკუთრების უფლების რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ დროის საკითხია. ტყუილად ხომ არ ალაპარაკდნენ რუსები ვალზე, რომელიც აფხაზეთს გასული წლის მიწოდებების საფასურის სახით დაუგროვდა.

«რუსები ჩამოსულები იყვნენ და ჩვენი ენერგეტიკის ობიექტების სრული ინსპექტირება ჩაატარეს. რისთვის? ვინმეს მართლა სჯერა, რომ კეთილი ზრახვებით?! როგორ გეკადრებათ! მათ იმის მდგომარეობა შეისწავლეს, რაც სულ მალე მათ ხელში გადავა და რის მისაკუთრებასაც ამდენი ხანი ცდილობდნენ», - დარწმუნებულია ჩვენი მეორე თანამოსაუბრე მადინა.

კიდევ ერთი რესპონდენტი — ალექსეი კი თვლის, რომ რუსეთი ცდილობს, არა მარტო ხელში ჩაიგდოს მთელი აფხაზური ენერგოსისტემა ენგურჰესთან ერთად, არამედ ამით დიდი ფულიც იშოვოს. «ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის ფულს უხდის, საიდუმლოს არ წარმოადგენს. გაიხსენეთ «ინტერ რაოს» ისტორია. გამოდის, რომ საქართველო რუსეთს უხდის, რუსეთი კი შემდეგ ამ ფულს ჩვენვე — აფხაზებს გვჩუქნის ვითომდა საინვესტიციო პროგრამით. მაგრამ თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ჩვენც ვუხდით რუსეთს ელექტროენერგიის საფასურს: მთავრობები ხომ წლიდან წლამდე გვიყვებიან, რომ რუსეთს ელექტროენერგიაში 800 მილიონი გადაუხადეს. გამოდის, რუსეთი ორმაგ მოგებაშია», - ასკვნის ალექსეი.

შევეცადე, ამ საკითხში გასარკვევად აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდების შესახებ ინფორმაცია რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის სახელმწიფო საიტებზე მომეძიებინა, თუმცა ვერაფერს მივაკვლიე. და არა იმიტომ, რომ ცუდად ან არასწორ ადგილებზე ვეძებდი. მსგავსი ინფორმაცია ღია წვდომაში არ არის. მეტიც, ამის შესახებ სიტყვაც არ წერია ოფიციალურ აფხაზურ დოკუმენტებში. ასეა თუ ისე, რესპუბლიკის მოსახლეობამ უკვე არაერთგზის დასვა კითხვა, მაინც ვინ იხდის ფულს სიამოვნებაში, მუდმივად გაგვაჩნდეს ელექტროენერგია, თუმცა პასუხი ვერც ერთხელ ვერ მიიღო.

ამ ფონზე ეკონომიკის სამინისტროს საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1 დეკემბრიდან აფხაზეთში დენის მიწოდება შესაძლოა, რუსეთმა უზრუნველყოს.

«ფასი, რომელსაც აფხაზეთი ელექტროენერგიის ყოველ კილოვატში გადაიხდის, რესპუბლიკაში დადგენილს რამდენჯერმე აღემატება. ამგვარად, ცალკეული პირები და ჯგუფები ფულს მოიხვეჭენ სახელმწიფო ენერგოსიმძლავრეების ექსპლუატაციითა და კორუფციული სქემების ჩამოყალიბებით, აფხაზეთი კი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ელექტროენერგიას რუსეთისგან იყიდის. ამ ყველაფერმა შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანოს და კიდევ ერთხელ ჩააგდოს ვალებში, რომლებსაც ვერ გავწვდებით», - აცხადებს ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია.

მოსახლეობამ კი კვლავ დაიწყო შფოთვა რუსეთის «დახმარების» მოსალოდნელი შედეგების გამო. ყველას გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რეალურად ვინ უხდის რუსეთს აფხაზეთში მიწოდებულ ელექტროენერგიაში. კარგი იქნებოდა, იმაზეც მოგვესმინა სიმართლე, ვის ჯიბეებში დაილექა მილიონობით რუბლი, აფხაზურ ბიუჯეტში გაწერილი ელექტროენერგიის საფასურად, რომელიც საქართველომ რუსეთს უკვე გადაუხადა.

და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაამხელს ამ საიდუმლოს – საქართველოს ხელისუფლება, თუ ჩვენი - აფხაზური, - რუსეთისგან ხომ მისთვის არახელსაყრელ აღიარებებს არ უნდა ველოდოთ.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S