მარადონას ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

30-11-2020 10:45:14 მსოფლიო

ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას ექიმის ლეოპოლდო ლუკეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

39 წლის ნეიროქირურგის კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. არგენტინელმა სამართალდამცველებმა მისი ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და სამედიცინო ჩანაწერები შეამოწმეს.

"მე ვიცი რა და როგორ გავუკეთე დიეგოს, ყველაფრის ახსნა შემიძლია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი გავაკეთე," – აცხადებს ლუკე.

სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში.

3 ნოემბერს მარადონამ ნეიროქირურგიული ოპერაცია გაიკეთა. მან კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა. 25 ნოემბერს დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა წლების წინ გაუარესდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნლობდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები