პროკურატურა ადასტურებს, რომ ავტომანქანას, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა, შსს–ს მაღალჩინოსანი მართავდა

30-11-2020 16:54:50 სამართალი

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ავტომანქანას, რომელიც სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსს 28 ნოემბერს შეეჯახა, შსს–ს ბალანსზეა და მას ამბლორაულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მართავდა.

ინფორმაციისთვის: ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირი დაშავდა. ფაქტის შესახებ დაღუპულის ოჯახის წევრებისგან გახდა ცნობილი. მათ ეჭვი აქვთ, რომ ძალოვანი უწყება ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები