პროკურორმა ალტერნატიულ ექსპერტიზაზე საუბრისას ექსპერტისა და პოლიტიკოსის ნათესაურ კავშირს გაუსვა ხაზი

30-11-2020 19:08:56 სამართალი

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ ეთანხმება დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნავს, „თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი, ის არც შინაარსობრივად და არც რეკვიზიტით ექსპერტიზის დასკვნა ვერც იქნება“.

პროკურორის თქმით, ეს „კვაზი ექსპერტიზის“ დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგენინეს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას ძმას.

პროკურორი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნას აქვს თავისი სტანდარტები:

„რაც შეეხება სტანდარტებს, ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეადგინოს. ჩვენი ექსპერტიზა ამ დარგის წამყვან სპეციალისტებს აქვთ შედგენილი და კიდევ გარკვეულ კითხვებს პასუხი აუცილებლად გაეცემა“, - აღნიშნავს სადრაძე.

მისი თქმით, მელაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში თითქოსდა არ არსებობს მტკიცებულება.

„8 ოქტომბრის შემდგომ უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ. მათ [დაცვის მხარეს] 8 ოქტომბრის შემდგომ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი, რასაც მოითხოვენ, უნდა გადავცეთ გონივრულ ვადაში“, - თქვა სადრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულები – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არც ის გარემოება, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები