1 კილოგრამი „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
01/12/2020 05:47:10 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


