გამთენიისას თბილისის ზღვის ჰოსპოტალში თავდამსხმელები შეიჭრნენ
01/12/2020 07:57:59 სამართალი
თბილისის ზღვის ჰოსპოტალში გამთენიისას – დაახლოებით, 05:30 საათზე ორი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ისინი კლინიკის დაცვის თანამშრომელს გაეცნენ, როგორც პაციენტები, თუმცა დაცვის თანამშრომელმა იარაღი შენიშნა და მათ შიდა ტერიტორიაზე შესვლის ნება არ მისცა, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. ამის შემდეგ დაიწყო ჯერ დამიზნებით, შემდეგ უმისამართო სროლა. დაზიანებულია კლინიკის ინფრასტრუქტურა, თუმცა დაჭრილი არავინაა.
კლინიკის მედპერსონალის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლინიკის შიდა ტერიტორიაზე შეღწევა და 3500 ლარის გატაცება შეძლეს.
"დაცვას სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან". - ამბობს ექიმი ნინო კილაძე.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


