
ჰოჯესი საქართველოსთან დაკავშირებით სამი ინიციატივით გამოდის
01/12/2020 16:40:51 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოსთან დაკავშირებით სამი ინიციატივით გამოდის.
"პირველ რიგში, საქართველო ნატო–ში დაუყოვნებლივ უნდა მივიწვიოთ. ყველამ ვიცით, რომ არსებობს გერმანიის მაგალითი.
მეორე, უნდა გავაფართოვოთ წვრთნები, ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი და მარავალკომპონენტიანი წვრთნები. მაგალითად, ისეთი, როგორიც რუსეთმა გამართა. ვგულისხმობ "კავკაზ 2020"–ს. ასეთი წვრთნები საქართველოში 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ეს იქნება სიგნალი კრემლისთვის, რომ აშშ რეგიონში პარტნიორებსა და მოკავშირეებზე ზრუნავს.
მესამე, ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ინფრასტრუქტურაში. აშშ–ის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო როტაციული ძალები რეგიონში უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამის მაგალითია, რუმინეთის საჰაერო ბაზა MK".
ამასთან, ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა, განსაკუთრებით, საქართველომ და უკრაინამ ერთად უნდა იმუშავონ, რათა ვაშინგტონსა და ბრიუსელს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ცნობადობა აუმაღლონ".
"აშშ–ის უნდა ჰქონდეს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ის ფაქტი, რომ ეს ასე არ არის ნაწილობრივ ვაშინგტონის, ნაწილობრივ კი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პრობლემაა. შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანამ ერთად უნდა უმუშავონ ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომ აუხსნან ამ რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, აუმაღლონ ცნობიერება. ბალტიისპირეთის რეგიონი სამი ქვეყნისაგან შედგება, მაგრამ აშშ–ის კონგრესის ნებისმიერი წევრი დაადებს ხელს რუქაზე სად არის ესტონეთი, ლიეტუვა თუ ლატვია, რასაც შავი ზღვის რეგიონის შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ვერ გააკეთებენ", – განაცხადა ჰოჯესმა.
მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"საქართველომ ისევე, როგორც უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. თუ რეგიონში იქნება გერმანული, ბრიტანული, ამერიკული, ჰოლანდიური დიდი ბიზნესები, ამ ქვეყნების მთავრობები რეგიონს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ნამდვილად ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ანაკლიის პროექტის პროექტმა წინ არ წაიწია", – განაცხადა ჰოჯესმა.
ამასთან, ჰოჯესმა საქართველოში მმართველობისა და არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"საქართველოში ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეთ. ქვეყანამ უნდა გააუმჯობესოს გამჭვირვალობის ხარისხი არჩევნების დროს, მმართველობის დროს. უნდა გაუმჯობესდეს მედიის თავისუფლების ხარისხიც. აშშ–მა კი საქართველოს გვერდით მტკიცედ ყოფნა უნდა გააგრძელოს".