ბათუმში საპროტესტო აქციაზე 2 პირი დააკავეს
02/12/2020 08:36:54 სამართალი
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ორგანიზაცია "იმოქმედეს" ორგანიზებით გამართულ აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო აქციის "ნუ გეშინია ბუშტების" მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსა და ეპიდვითარების გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.
ერთ-ერთი დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა. აღნიშნულს უარყოფს აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი თქმით, აქციის მონაწილეების დაკავება არა ბუშტების გაშვებას, არამედ "პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობას" უკავშირდება:
"რამდენიმე აქციის მონაწილე ცდილობდა პოლიციელებთან დაპირისპირებას და მოხდა მათი დაკავება".


