შსს-ს ცნობით, ოქრუაშვილის პარტიის წევრი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
02/12/2020 12:37:42 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრი ასლან ვაშაყმაძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
"30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


