სერგეი ნარიშკინი: “მენდელეევი, პრჟევალსკი, გრიბოედოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტები იყვნენ”

02-12-2020 17:08:04 ეს საინტერესოა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა ქიმიკოს დიმიტრი მენდელეევს “რუსული დაზვერვის ერთ-ერთი ცნობილი აგენტი” უწოდა. ამის შესახებ მან ხსენებული უწყების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ჟურნალ “ისტორიკოსში” გამოქვეყნდა.

იმ კომენტარის საპასუხოდ, რომ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობაში სრულიად განსხვავებული პროფესიებისა და მოღვაწეობის სფეროების წარმომადგენლებს რთავდნენ, ნარიშკინმა “რამდენიმე ყველაზე ცნობადი მათგანი” დაასახელა, მათ შორის – რუსული ისტორიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე ვიაზემსკი, ქიმიკოსი მენდელეევი, გეოგრაფი და მკვლევარი ნიკოლაი პრჟევალსკი, ლიტერატორი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი.

"ყველა მათგანი მეტ-ნაკლები ხარისხით ჩართული იყო სადაზვერვო საქმიანობაში, პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ დაზვერვაში. ავიღოთ თუნდაც პეტრე პირველის ლეგენდარული დიადი საელჩო. მისი მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნისას დაკავებულები იყვნენ არა მარტო პოლიტიკური, არამედ, შეიძლება, ითქვას, უკვე სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვით, მოიპოვებდნენ რა ინფორმაციას უცხოეთის ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების თაობაზე", – აღნიშნა მან.

РБК-ს ცნობით, 1995–1997 წლებში გამოცემა “საერთაშორისო ურთიერთობებმა” გამოაქვეყნა "რუსეთის საგარეო დაზვერვის ისტორიის ნარკვევები" და პირველი ტომის ერთ-ერთ თავში საუბარი იყო მენდელეევის როლზე, კერძოდ, ამერიკასა და საფრანგეთში ვიზიტების დროს ამერიკული ნავთისა და უკვამლო დენთის შესახებ მონაცემების მოპოვებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები