
"ჩვენ უკვე გვაქვს ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან"
02/12/2020 19:43:28 საგარეო პოლიტიკა
"ჩვენ უკვე გვაქვს ნატო-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
"მინისტერიალმა ნატო-საქართველოს გაძლიერებული პაკეტი ერთხმად დაამტკიცა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს უელსის სამიტზე მიიღო საქართველოს ეს პაკეტი და შარშან ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის დროს ბათუმში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს პაკეტი ახალი ელემენტებით და სწორედ დღევანდელ მინისტერიალზე საბოლოოდ წერტილი დაესვა ამას. ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოვებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში", – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, არსებითი პაკეტი შეიცავს ქართველ და ნატოელ პარტნიორებს შორის სამხედრო-სამედიცინო კუთხით თანამშრომლობასაც.
იხილეთ ასევე: ალიანსის მინისტერიალზე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს
1–2 დეკემბერს ნატო–ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ონლაინ–რეჟიმში გაიმართა.