
თურნავა – არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულების გაძვირებაზე: "გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია"
03/12/2020 09:36:40 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “თბილისი ენერჯის” კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით შეხვდება და გაერკვევა, რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები.
„მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის: 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.