
მოსკოვი და ცხინვალი დე ფაქტო საზღვარზე ტვირთბრუნვას ერთობლივად გააკონტროლებენ
03/12/2020 13:01:05 კონფლიქტები
რუსეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა დე ფაქტო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ერთობლივი კონტროლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - იუწყება რუსული ТАСС-ი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე ბიბილოვმა ამ საკითხებზე მოსკოვში იმსჯელა.
«რუსეთის ფედერაციასთან ხელი მოეწერა შეთანხმებას “ქვედა ზარამაგის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ერთობლივი კონტროლის თაობაზე. შემუშავდა “საგზაო რუქა”, რომლის საფუძველზეც სადღესოდ არსებული საბაჟო ბარიერები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ტვირთების გაფორმებისა და გატანის კუთხით იქმნება, ამიერიდან შესაძლებელი იქნება, მიემართოს ოს მებაჟეებს», – განაცხადა ბიბილოვმა და დააზუსტა, რომ ეს “პირველი ნაბიჯია ტვირთებისა და საქონლის გადაადგილების გამარტივების მიმართულებით”.
ცნობისთვის: ოსი მეწარმეები პერიოდულად პრობლემებს აწყდებიან რუსეთიდან საქონლის შეტანის მიმარულებით. სირთულეები დოკუმენტების ევრაზიული ეკონომიკური სივრცის საბაჟო წესების შესაბამისად დეკლარირება-გაფორმებას უკავშირდება.