გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო
03/12/2020 13:15:14 სამართალი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გაერო-ს შესაბამისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მარიხუანა და მისგან წარმოებული საშუალებები მსოფლიოს ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან (ნარკოსაშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის ე.წ. IV სიიდან) ამოიღოს.
კენჭისყრისას ხმები კომისიაში, რომელშიც მსოფლიოს 53 სახელმწიფოა წარმოდგენილი, თითქმის ორად გაიყო: 27-მა ქვეყანამ (აშშ-ისა და ევროკავშირის სახელმწიფოების ჩათვლით) გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ხოლო 25-მა (მათ შორის – რუსეთმა) წინააღმდეგ მისცა ხმა. უკრაინამ, სადაც ამასწინათ საყოველთაო გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ მარიხუანის სამედიცინო მიზნებით ლეგალიზებას დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა.
ცნობისთვის: ე.წ. IV სიაში შედის ნარკოსაშუალებები, რომლებზეც უმკაცრესი კონტროლია დაწესებული, მათ შორის – მაგალითად, ჰეროინი.
მარიხუანა ამიერიდან ნარკო- და ფსიქოტროპული საშუალებების უფრო ფართო – I სიაში იქნება წარმოდგენილი.
ექსპერტების განცხადებით, გაერო-ს გადაწყვეტილებას მყისიერი შედეგები არ მოჰყვება, რადგან თითოეული წევრი ქვეყანა თავის ნარკოპოლიტიკას თავად განსაზღვრავს. თუმცა როგორც New York Times წერს, გლობალური კონვენციით ამ სფეროში მრავალი სახელმწიფო ხელმძღვანელობს და ყველა შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.


