
ბაქომ ყარაბაღის მეორე ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობა გაამხილა
03/12/2020 15:16:03 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2783 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კიდევ 100-ზე მეტი დაკარგულად ითვლება, 1245 კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.
«ინფორმაცია დაღუპულთა ვინაობისა და სხვა მათი მონაცემების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით წარედგინება. კომისია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შემადგენლობით ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს», – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღის რიგით მეორე – 44-დღიანი ომის დასრულებიდან დღემდე ბაქო ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ იმ ომში 2718 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, თუმცა ეს ციფრი ზრდას განაგრძობს. დაჭრილების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ერევანს ჯერ არ გაუვრცელებია.