
თაზიაშვილს ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
03/12/2020 15:52:21 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრებს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ცოლს, ცისანა თაზიაშვილს ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიანთკარის განაპირას, ოსურ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.
ცისანა თაზიაშვილს აცნობეს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ჩემი მოთხოვნა ის არის, ხომ უნდა ვიცოდე, რატომ არის ამდენი ხანი იქ? ვიცი, რომ ყოფილა შემთხვევები, გადასულან ადამიანები, ჯარიმა გადაუხდიათ და 2-3 დღეში გამოუშვიათ და ჩემი ქმრის თავს ისეთი რა ხდება, რომ ამდენ ხანს გააჩერეს, რა დანაშაული აქვს ისეთი? ალბათ, გადაკვეთა „საზღვარი“ და წაიყვანეს, მაგრამ მაგას სხვა დანაშაული არაფერი არა აქვს. მოთხოვნა ის მაქვს, რომ სახელმწიფო დამეხმაროს და გაარკვიოს რატომ არის ამდენ ხანს დაჭერილი. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირს და ჩვენ ჯარიმის თანხასაც ვერ გადავიხდით“, - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.