რუსეთში "Спутник V"-ის I დოზის მიღების შემდეგ მოქალაქეები კორონავირუსით ავადდებიან, არის გარდაცვალების შემთხვევებიც

03-12-2020 21:35:22 მსოფლიო

რუსეთის 20-მდე აცრილი მოქალაქე კორონავირუსით დაავადდა. არის გარდაცვალების შემთხვევაც: კორონავირუსს ცნობილი მეწარმე ბორის ალექსანდროვი შეეწირა, რომელსაც ვაქცინაცია ჰქონდა ჩატარებული.

"ახლა დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სულ 20-იოდე შემთხვევა გვაქვს აცრილი ადამიანების ინფიცირებისა. მაგრამ იმის თქმა, რომ ინფიცირება ვაქცინამ გამოიწვია, არასწორია: ამ ადამიანების უმრავლესობამ ვაქცინის მეორე კომპონენტი არ მიიღო და შესაბამისად, იმუნიტეტი სრულფასოვნად ვერ გამოუმუშავდათ", - განმარტა პრეს-კონფერენციაზე რუსული ვაქცინა "Спутник V"-ის ცდების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სეჩენოვის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ვადიმ ტარასოვმა.

მკვლევარის თქმით, აცრილი შესაძლოა, ვაქცინაციის პირველ და მეორე ფაზებს შორის დაავადდეს, რადგან პრეპარატი იმუნური რეაქციის გამოწვევას ვერ ასწრებს.

მისივე ინფორმაციით, იმუნიტეტი მხოლოდ პირველი ნემსიდან 42-ე დღისთვის გამომუშავდება. მეორე ინიექცია კი პირველიდან 21 დღეში შეჰყავთ.

ტარასოვის მტკიცებით, პირველი მოხალისეებიდან, რომლებმაც ვაქცინა ივნისში, მის ოფიციალურ რეგისტრაციამდე მიიღეს და ვაქცინაციის მთელი პერიოდის განმავლობაში სეჩენოვის ინსტიტუტში კარანტინზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსით არავინ დაავადებულა,

"კვლევების ჩატარების შემდეგ ნახევარი წელი გავიდა, ჩვენ ვაკვირდებით მათ მდგომარეობას, მათ შორის არავინ დაავადებულა. 38 ადამიანი მოსკოვსა და რეგიონებში აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობს, მუშაობს და ეს, ჩემი აზრით, დამაიმედებელი ინფორმაციაა", - განაცხადა ტარასოვმა.

"Спутник"-ის შექმნელებსა და მკვლევარებს არაერთგზის უთქვამთ, რომ პირველი ინიექციის შემდეგ იმუნიტეტი არ გამომუშავდება და მისი გამომუშავების იმედი მხოლოდ პირველი ნემსიდან 6 კვირაში შეიძლება, გვქონდეს.

ამითვე ხსნიან ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამასწინანდელ ინციდენტებს პირველი ინიექციის შემდეგ სამი მედიკოსის დაავადებასთან დაკავშირებით.

"როგორც ჩანს, დაავადებული მედიკოსების ორგანიზმში Covid-19-ის გამომწვევთა მოხვედრის მომენტისთვის იმუნიტეტი ფორმირებული ჯერ არ იყო", - აცხადებენ ჯანდაცვის სამიმისტროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები