შსს-მ ქუთაისში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა
04/12/2020 10:24:09 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა.
"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა - ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე არასრულწლოვანი, დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები დანაშაულს აღიარებენ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია შშს–ს განცხადებაში.


