ლოპოტას ხეობის 2012 წლის სპეცოპერაციის საქმის ფიგურანტი ავსტრიაში ტერაქტის მზადებაშია ეჭვმიტანილი
04/12/2020 15:40:33 სამართალი
რუსეთის 42 წლის მოქალაქე მაგომედ იბრაგიმოვი ავსტრიაში ტერაქტის მზადებაშია ეჭვმიტანილი, - იუწყება ქვეყნის პროკურატურა.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს შესაძლოა, განეხორციელებინა ტერაქტი 11 დეკემბერს – როგორც კი გაათავისუფლებდნენ ციხიდან, სადაც “რუსეთთან საომრად მოხალისეების გადაბირების” ბრალდებით აღმოჩნდა.
2017 წლის ივლისში ვენაში სასამართლომ იბრაგიმოვს ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიმდინარე წლის დეკემბერში კი მას ციხე ვადაზე ადრე უნდა დაეტოვებინა. პროკურატურის ინფორმაციით, გათავისუფლებამდე იბრაგიმოვმა უამბო თანასაკნელებს, რომ ტერაქტის ორგანიზება სურდა, - იუწყება Heute. მისივე მონაცემებით, საუბარი შესაძლოა, ყოფილიყო აფეთქების მზადებაზე ქალაქ ზუბენში.
საქმეს ქვეყნის კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური უწყება იძიებს. პროკურატურა იბრაგიმოვის ვადაზე ადრე გათავისუფების ან დეპორტაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მაგომედ იბრაგიმოვი ლოპოტას ხეობის 2012 წლის გახმაურებული სპეცოპერაციის საქმის ფიგურანტია. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ იგი ავსტრიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ტელეფონში სპეცოპერაციის შესახებ მონაცემები აღმოუჩინეს.
გამოძიების პროცესში იბრაგიმოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის – რამზან კადიროვის პირადი აგენტი იყო, რომ ლოპოტას ხეობაშიც მისი დავალებით იმყოფებოდა პროვოკაციის ორგანიზებისთვის.
ინფორმაციისთვის: თავის დროზე „აქცენტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მაგომედ იბრაგიმოვთან (მეტსახელად „აბუ–ჰამზასთან“) დაკავშირებით იმთავითვე არსებობდა ეჭვი შეიარაღებული ჯგუფის კიდევ ერთ წევრ სულეიმან მაგომედოვთან (მეტსახელად „რაბანისთან“, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყებამდე მიატოვა ჯგუფის წევრები და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა) ერთად იგი რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას ჯგუფის გადაადგილებისა და გეგმების თაობაზე.
„აბუ–ჰამზასთან“ დაკავშირებით ჩეჩენი ვეტერანები დამატებით ინფორმაციებსაც იხსენებდნენ. კერძოდ, მათი ცნობით, ის საქართველოში 2000-იან წლებშიც იმყოფებოდა და საველე მეთაურ რუსლან გელაევის რაზმში ირიცხებოდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვები, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. მაშინ მას მეტსახელით "მალიშ" იცნობდნენ.
„იყო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის იმჟამინდელ ე.წ. ხელმძღვანელობასთან მუშაობდა და გელაევის მოკვლა ჰქონდა დავალებული, თუმცა ამის დადასტურება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება არ მიიღეს და რაზმიდან ცოცხალი გაუშვეს“,- უყვებოდა „აქცენტს“ ერთ-ერთი ჩეჩენი ვეტერანი.
არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია „აბუ–ჰამზასთან“ დაკავშირებით, ამჯერად – ძალოვანი უწყებიდან. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის აღნიშნული პირიც იმყოფებოდა, ავსტიელ ძალოვანებს გამოუხატავთ გაკვირვება ქართველ კოლეგებთან: „როგორ მოხდა, რომ ეს პირი თქვენთან აღმოჩნდა და თან შეიარაღებულ ჯგუფში?! ჩვენ ის აღრიცხვაზე გვყავს აყვანილი, როგორც რუსეთის აგენტიო“.
„აქცენტის” ინფორმაციით, განახლებული ძიების ფარგლებში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებსა და მაგომედ იბრაგიმოვს შორის კომუნიკაცია შედგა. „აბუ–ჰამზას“ გამოკითხვა ავსტრიაში განხორციელდა.
წყარო უამბობდა „აქცენტს“, რომ ქართველ ძალოვანებს ადგილზე მასთან ერთად რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დახვდათ, რომელმაც თავი "ადვოკატად" წარადგინა.
შეგახსენებთ ასევე, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ორი მებრძოლი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი დაიღუპნენ. აღმოჩენილ იქნა 11 დაღუპული “ბოევიკის” ცხედრები. მათგან ორი საქართველოს მოქალაქეების – პანკისის ხეობის მკვიდრების აღმოჩნდა, 5 – რუსეთის მოქალაქეების.
სპეცოპერაციის ფიგურანტებს შორის იყო ახმედ ჩატაევიც, რომელიც 2017 წელს თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
იხილეთ ასევე: ლაფანყურის სპეცოპერაცია - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში


