Accentnews.ge
მშვენიერაძე: „ილიჩოვას ღარიბაშვილისგან მადლობის სიგელი, გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული“

მშვენიერაძე: „ილიჩოვას ღარიბაშვილისგან მადლობის სიგელი, გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული“

04/12/2020 17:51:18 სამართალი

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა "ქართული ოცნების" წევრებს მადლობის სიგელითა და სამკერდე ნიშნით ჰყავთ დაჯილდოებული.

კერძოდ, მშვენიერაზე ამბობს, რომ მადლობის სიგელი ილიჩოვას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო სამკერდე ნიშანი პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცეს.

ღარიბასვილის მიერ გაცემული მადლობის სიგელი 2013 წლით არის დათარიღებული, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო გახარიას მიერ გაცემული სამკერდე ნიშანი 2019 წლით.

"ცნობისთვის, ნატალია ილიჩოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ყავს მადლობის სიგელით დანაჯილდოები, ხოლო უმწიკვლო სამსახურისთვის კი, სამკერდე ნიშნით - გიორგი გახარიას. ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ", - წერს გიორგი მშვენიერაძე.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S