პრაღის ცენტრში სასტიკი თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
06/12/2020 20:12:54 სამართალი
ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების მიყენებაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პრაღის ცენტრში, ვლადისლავოვას ქუჩაზე 29 წლის კაცს "სასტიკი ფორმით თავს დაესხა. დაზარალებული სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.

„გამომძიებლების ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ძებნილი ბაჩუკი ჯალაღონია საქართველოდან. ის ადრე ნასამართლევი იყო ამგვარი თავდასხმისთვის“,– აცხადებენ პოლიციაში.
სამართალდამცველები მოუწოდებენ ყველას, ვინც იცის ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი, აცნობოს პოლიციას, რომელიც ამასთან, აფრთხილებს მოქალაქეებს, ნუ შეეცდებიან ძებნილის დამოუკიდებლად დაკავებას, რადგან ის შეიძლება, შეიარაღებული იყოს.


