
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
07/12/2020 07:19:07 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მესამე რაუნდი ელჩებთან ერთად მიმდინარეობს. შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმართება.
მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან" მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, რომელსაც შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ შემდეგი განაცხადა: „მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს, ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, გაყალბებული არჩვენების შედეგად არის შექმნილი“.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ფასილიტატორებმა ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021