
ბოლქვაძე - ძიძიგურს: "დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ივანიშვილს, მე სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა "ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში"
08/12/2020 14:09:47 საშინაო პოლიტიკა
„დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა "ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში" - ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე პოლიტიკოს ზვიად ძიძიგურს.
„ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია: როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით“, - წერს ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, "სიამოვნებით მოისმენდა კონკრეტულ არგუმენტებს, სად იყო პრობლემა და რა არ გაკეთდა".
"ამიტომ, სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა? ზოგადი შეფასებების ნაცვლად შესაძლებელია კონკრეტული არგუმენტები ჩამოიწეროს და მსჯელობა შესაბამისად განვითარდეს სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?“, - წერს ელისო ბოლქვაძე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021