Accentnews.ge
მე–4 რაუნდის შედეგები: პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა

მე–4 რაუნდის შედეგები: პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა

08/12/2020 17:03:22 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.

"კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცებ გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. მინდა, გამოვრიცხო, რომ რომელიმე ოპოზიციონერი სამარცხვინო კანტორაში შევა. პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდება", – განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა შალვა ნათელაშვილმა.

"გირჩის" ერთ–ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არის გარკვეული საკითხები, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანხვედრა შესაძლებელია. თუმცა მისი თქმით, რჩება პრინციპული საკითხები, რომელზეც შეთანხმება, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება:

"გავაგრძელეთ საუბარი პუნქტების მიხედვით ხელისუფლების შემოთავაზებაზე და ჩვენს შეჯერებულ პოზიციებზე. არის გარკვეული საკითხები, სადაც თანხვედრა შესაძლებელია - ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებს და საარჩევნო პროცედურებს და არის სხვა პრინციპული საკითხები, სადაც პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან".

რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშნვას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჯაფარიძის თქმით, ამ კუთხით სიახლე არ არის და "ქართული ოცნება" კვლავ თავის აზრზე რჩება.

"ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთობლივი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ბოიკოტს გააგრძელებს:

"თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი".

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების ნაწილში, შეთანხმება ცსკ-ის მოქმედი თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას არ გულისხმობს:

"როდესაც რეფორმირებაზე ვლაპარაკობთ აქ არის მთავარი, როგორი სისტემა ექნება ცსკ-ის შემდეგი არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით, არის ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი".

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ შემდეგი განაცხადა:

"თუ შევაჯამებთ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი და დაახლოება არ გვაქვს, ხოლო საარჩევნო გარემოსთან და სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ერთობლივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, "სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე საპარლამენტო და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემების რეფორმაზე ისაუბრა. თუმცა იქვე დასძენს, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე, ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S