
თალაკვაძის თქმით, საარჩევნო რეფორმა, შესაძლოა, შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს
08/12/2020 17:21:25 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს.
როგორც მან მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ საკითხზე ორივე მხარის პოზიციები დაახლოებულია.
"დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძლევადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს - ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ვინაიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს დაინიშნა, ცოტა დრო რჩება და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ:
"რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა".
ცნობისთვის: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და პარლამენტში არ შევლენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021