
თურქეთი - მტერი თუ მოკავშირე?
09/12/2020 11:29:52 საგარეო პოლიტიკა, ანალიზი
წარმოიდგინეთ, საქართველო რომ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნისთვის 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყოს, სხვა მეზობლებისგან განსხვავებით მხოლოდ საქართველოს რომ ჰქონდეს ამ ქვეყანასთან საზღვრები დადგენილი და უპრობლემო, ხოლო ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი წელიწადში რამდენჯერმე მოუწოდებდეს საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ, პარტნიორობისა და სხვადასხვა ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველო ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს წვრთნიდეს და აიარაღებდეს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარს უჭერდეს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერინეტიტეს და ყოველივე ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში, ანტიქართული კამპანიებით პოლიტიკაში მოდიოდნენ და ძლიერდებოდნენ კონკრეტული ძალები, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს კონკურენტ სახელმწიფოს ინტერესებსაც აძლიერებდნენ.
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დაახლოებით ასეთ ვითარებაშია თურქეთი საქართველოში და ანკარა უკვე ღიად და ხმამაღლა წუხს. საქართველოში თურქეთის ელჩის - ფატმა სერენ იაზგანის ბოლო პერიოდის მედია-აქტივობებიდან ამ გზავნილების ამოკითხვა რთული არ არის.თუმცა, როგორც რეალპოლიტიკისა და პრაგმატიზმის მიმდევარი ექსპერტები ასევე, რიგითი მაყურებლის დიდი ნაწილი სამართლიანად იკითხავს: რა რჯის თურქეთს საქართველოში?თურქეთის გარშემო ამ ფორმითა და პათოსით კითხვის დასმა საქართველოში ყველაზე მარტივია.
· პირველი მიზეზი:
1921 წელს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის და გასაბჭოების შემდეგ ჩამოყალიბებული განათლების სისტემა ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მიზანმიმართულად ქმნიდა თურქეთის, როგორც ისტორიული მტრის ხატს და ამ გზით სახეს უნარჩუნებდა თანამედროვე და ერთადერთ ოკუპანტს, საბჭოთა კავშირს. ამ მიზანმიმართულმა და მანიპულაციურმა პროპაგანდამ მტკივნეული დაღი დაასვა სამი თაობის ქართველებს. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესია გაცილებით ძნელად ეწერება ქართველთა კოლექტიურ მეხსირებაში, მაშინ, როდესაც მრავალი საუკუნეების წინ ოსმალებსა და ქართველებს შორის გამართული ბრძოლების კონკრეტული ისტორიები, ნარატივები და ხატები მუდმივად განიცდის კვლავწარმოებას და ფორმირებას ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში.
· მეორე მიზეზი:
- ეს რეალპოლიტიკა და პრაგმატიზმია. ანუ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა „თურქული ალტრუიზმის“ საქართველოში. ანუ, თურქეთთან მიმართებაში გაჩენილ ამ ეჭვნარევ შეკითხვას - რა რჯის თურქეთს საქართველოში? რომელსაც ღრმა, ფსიქო-ისტორიული და ემოციური საფუძვლები აქვს, ლოგიკურად ემატება სხვა ფაქტორიც. საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილმა იცის, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, ფაქტიურად ,„ურთიერთსაპასუხო (reciprocity) ურთიერთობებსა“ და ორმხრივად მომგებიან გარიგებებზე დგას. ამ ურთიერთობებში კი ცალმხრივი არც პატრნიორობაა, არც მოკავშირეობა და არც მეგობრობა. მხარეები ერთმანეთისგან მუდმივად საუკეთესოს გამორჩენაში არიან. მაგალითისთვის, ნუ მოვიტყუებთ თავს და ვთქვათ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქართულ ჰუმანიტარულ აქტს პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს. საინგილოში „დედა ენის“ ჩატანაც შეიძლება სცილდებოდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.ანუ, შეკითხვის - რა რჯის თურქეთს საქართველოში?ავტორებს, აინტერესებთ რის ფასად შეიძლება გვემეგობრებოდეს ისტორიული მტერი-სახელმწიფო.
ამდენად, ზემოთ ნათქვამი შეკითხვის დასასმელი საკმარისი საფუძველი არსებობს საქართველოში. ხოლო თუ რუსული პროპაგანდისტული მანქანა ცოტა ხელსაც „წაგვიკრავს“ ამ შეკითხვის დასმა ორჯერ უფრო ხმამაღლა და კიდევ უფრო მეტი ეჭვიანობით შეიძლება.
მოდით, ერთად ვცადოთ და ვუპასუხოთ შეკითხვას, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს თურქეთს საქართველოში და რამდენად რეალურია ის შიშები, რომელიც ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში თურქეთის სასარგებლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევასთან და ქართველთა რელიგიურ შევიწროვებასთან ასოცირდება.
1. თურქეთის პრაგმატული ინტერესია ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარების საერთო მაჩვენებლში რუსულ გაზის წილი 33-40 პროცენტამდეა. ეს მაჩვენებელი 2017 წელს 52% იყო. თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული მილსადენებით უკვე სარგებლობს. მაგალითად, გაზსადენის პროექტი - TANAP-ი, რომელსაც ბოლო კომპონენტი TAP-იც მალე უნდა დაემატოს. ეს დამატებით რამდენიმე მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გულისხმობს, რომელმაც თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარების საერთო მაჩვენებელში რუსული გაზის წილი კიდევ უფრო უნდა შეამცირებს. მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა გერმანულ მედიას, „დოიჩე ველეს“ გარკვევით უთხრა: „რუსეთი არც ჩვენი მტერია და არც მოკავშირე, მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ ურთიერთობებს თუ მასზძე ძალიან ვიქნებით დამოკიდებული, მით უმეტეს, თუ საქმე ენერგორესურსებს ეხება“
2. თურქეთის ინტერესია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგოპროექტებით რეგიონში ლიდერის პოზიციის გაძლიერება. ასევე, თურქეთი ცდილობს ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს ევროპის ენერგომამარაგების საქმეში. პროექტი TAP-ის ამოქმედება თურქეთს კიდევ უფრო დაახლოებს ამ სტრატეგიულ მიზანთან. ამ თურქული პერსპექტივიდან გასაგებია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის მქონე საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების აუცილებლობაც. თურქულენოვან მოძმე აზერბაიჯანთან მსგავსი სტრატეგიული დონის საკომუნიკაციო ხაზი ჯერ არ არსებობს. ყარაბაღის მეორე ომის შედეგად გაჩენილი პერსპექტივა, რომელიც ირანთან მოსაზღვრე, სომხეთის სამხრეთ ნაწილში ნახიჭევანთან დამაკავშირებელი გზის სახით გაჩნდა კიდევ დიდხანს იქნება ბუნდოვანი.
3. თურქეთი ყოველთვის იყო და იქნება რუსეთის ბუნებრივი კონკურენტი კავკასიაში და მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა, ეს კონკურენცია უკვე მრავალი წელია გარკვეულ კონცეპტს ეფუძნება. მოსკოვსა და ანკარას შორის კონკურენციის სიღრმეებს, ისევე, როგორც მათი დაახლოების მასშტაბებსაც რეგიონში „უცხოს“ ანუ, მესამე ძალის აქტიურობა განაპირობებს.მაგალითად, არც ანკარა და არც მოსკოვი არ არის მზად შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-სა და ნატოს გაძლიერებისთვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ რუსეთის გაძლიერება რეგიონში ანკარას ძალიან ახარებს. 2008 წლის აგვისტოში მოსკოვმა ანკარის მიერ მომზადებული მშვიდობისა და სტაბილურობის პაქტი ზრდილობიანად დაახიე თავზე. მისი არსებობის შესახებ დღეს მხოლოდ თავად თურქები თუ საუბრობენ. ანკარამ ვერაფერი დაუპირისპირა ვერც ყირიმის ანექსიას და მაღალი ალბათობით, მიუხედავად დიდი სურვილისა და ვერც ყარაბაღში იქნება წარმოდგინილი ისე, როგორც ამას ის ისურვებდა. რეგიონული პაექრობის ამ კონტექსტში გასაგებია, რომ თურქეთი საქართველოში საკუთარი რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს მოსკოვთან განცდილი მსგავსი „მარცხები“ დააკომპენსიროს.
4. მაღალი ალბათობით, რისი სურვილიც ანკარას არ აქვს ეს რუსეთთან საერთო საზღვარია. თურქეთში კარგად იციან, რომ მოსკოვში სამხრეთ საზღვრებთან არსებულ პრობლემებს მხოლოდ ერთი ტრადიციული და მახინჯი ფორმით თუ ხერხით - საზღვრების კიდევ უფრო სამხრეთით გადაწევით პასუხობენ. ამდენად, ანტითურქული განწყობებისგან დაცლილი, თურქეთის პირდაპირ ინვესტიციებსა და სავაჭრო ბრუნვაზე დამოუკიდებელი და იმავდროულად, მეგობრული საქართველო, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის ბუფერის როლსაც შეასრულებს მშვენიერი პერსპექტივა უნდა იყოს ანკარასთვის მანამ სანამ ჰორიზონტზე კიდევ უფრო უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება.
5. თურქეთი ე.წ. „რბილი ძალისა“ და სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობს გაზარდოს გავლენის სფეროები საქართველოს სხვადსხვა გეოგრაფიულ არეალებში. ეს, მას, საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერების ხარისხის შესამცირებლადაც სჭირდება. ასეთ ვითარებაში, საინტერესოა აქვს თუ არა სპეციფიკური ინტერესი ანკარას მაგალითად, მოსაზღვრე აჭარის რეგიონში? დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ არ აქვს. უფრო მეტიც, საუბრები აჭარაში განხორციელებული ასევე „სპეციფიკური პროექტების“ შესახებ თითიდან გამოწოვილი ამბავი სულაც არ უნდა იყოს. თუმცა, რა საჭიროა „სპეციფიკური /დახურული პროექტები“ ზეგავლენის მოპოვებისთვის, როდესაც აბსოლუტურად ღია და პირდაპირი ინვესტიციების 70% აჭარაში თურქულია, რასაც შედეგად 20.000 - მდე საქართველოს დასაქმებული მოქალაქე მოჰყვა.
რომ შევაჯამოთ, ზემოთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ 5 სავარაუდო „თურქული ინტერესი“ საქართველოში, რომლებსაც ვეცადეთ და შესაბამისი ახსნა-განმარტება მოვუძებნეთ. ჩემი აზრით, არცერთი ეს „ინტერესი“ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ვერც იქნება განხილული, როგორც საქართველოს ეგზისტენციალური რისკი ან საფრთხედ საქართველოსთვის, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ გარკვეული ჩანაფიქრები შეიძლება ჰქონდეთ, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია. ასეთივე ინტერესები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ისტორიული ჰერეთის ან/და იმ თურქულ ტერიტორიებზე სადაც დღეს ლაზები სახლობენ და სხვა მრავალი.
რა არის ამ შემთხვევაში მთავარი? მთავარი არის ის, რომ თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მკვეთრად აუარესებს ურთიერთობას „დასავლეთთან“ ის მაინც რჩება იმ თამაშის წესების, ნორმების ერთგული და აქტიური მიმდევარი, რომელიც თავად დასავლეთმა დააწესა. ანუ, ანკარა ამ დასავლური საერთაშორისი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სისტემის წევრობით საკუთარ თავს თვითშეზღუდვებს უწესებს. ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთზე თავისი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნოლოგიური და სამხედრო დამოკიდებულების გათვალისწინებით იგი ვერ ახერხებს მაგალითად, ბოლომდე უარი თქვას აშშ-ის მხარდაჭერაზე. და, მანამ, სანამ საქართველოცა და თურქეთიც ცივილური სამყაროს მიერ დაწესებული თამაშის წესებით ვთამაშობთ, მანამდე საფრთხე მინიმალურია. ე.წ. „თურქული საფრთხე“, როგორც ამას (ხალხსონურად ეძახიან) საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში:
1. თუ ერდოღანი პუტინის ან/და სხვა კიდევ უფრო უარესი ლიდერის გზას დაადგება და მთლიანად უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აწ უკვე დადგენილ ყველა წესსა და ნორმას; და, მხოლოდ უხეში სამხედრო გზებით ეცდება საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას, რისი ალბათობაც ახლოვადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა;
2. თუ საქართველოს ხელისუფლება დროის შემჭიდროვებულ ვადებში არ იქნება ადექვატური მის წინაშე არსებული ეკონიმიკური, სამხედრო თუ პოლიტიკური გამოწვევების მიმართ;
3. თუ საქართველო დაადგება პუტინის რუსეთის ან/და ლუკაშენკოს გზას და უარს იტყვის დემოკრატიული, ევროპული ერთიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობაზე;
სამართლიანია ანალიტიკოსთა შენიშვნა ჩემს მოსაზრებაზე, რომ ერდოღანს ბევრი არაფერი აშორებს პუტინამდე. ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ანტისახელწმიფოებრივი ღონისძიებების საბაბით გატარებული ღონისძიებები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის დასავლურ სტანდარტებს მართლაც ვერ აკმაყოფილებს. ეს გარემოება მართლაც საყურადღებოა ჩვენთვის. ასევე, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ყარაბახში აზერბაიჯანის გამარჯვებაში შეტანილი თურქული წვლილი, რომელიც „თავის ადგილს“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლების გულსა და გონებაში აუცილებლად იპოვის. ასევე, აღსანისნავია, რომ თურქეთის მთავრობა ჯერ კიდევ ათათურქის დროიდან ცდილობდა თურქულნოვანი ქვეყნების ერთობის ე.წ. “დიდი თურანის” შექმნას. ყველაფერი ეს რაც ზემოთ ჩამოვთვალე ცალსახად არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, თუმცა არც ფსევდო-ნაციონალიზმზე დაფუძნებული ზედაპირული პოლიტიკის წახალისების მიზეზია. რუსული ოკუპაციის პირობებში თურქეთთან მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების მაქსიმალური გახანგრძლივება მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თავდაცვის ყველა ეფექტური მექანიზმების შექმნის პარალელურად.
გიორგი მოლოდინი – სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო