მედია: რულოვსი ხანგოშვილის საქმეში მნიშვნელოვან მოწმედ დაასახელეს
09/12/2020 20:30:19 სამართალი
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ (DW) რუსულენოვანი სამსახური იუწყება, რომ გერმანელი გამომძიებლების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი „მნიშვნელოვანი მოწმე“ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსია.
„დოიჩე ველეს“ რეპორტიორმა 9 დეკემბრის გადაცემაში განაცხადა, რომ რულოვსის საკითხზე იმავე დღეს გამართულ სასამართლოზე ისაუბრეს გამომძიებლებმა. კერძოდ, გამომძიებლებმა სასამართლოზე თქვეს, რომ რულოვსი ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა შეხვედრის მიზანზე არ უსაუბრიათ.
DW-ის ცნობითვე, რულოვსს ჩვენების მისაცემად ბერლინში ჩასვლა სთხოვეს, თუმცა საბოლოოდ ტელეფონით გამოკითხეს. გამოკითხვის დეტალებზე სასამართლოზე არ უსაუბრიათ.
ცნბისთვის: სანდრა რულოვსმა „გარდიანთან“ 2019 წელს განაცხადა, რომ როდესაც ხანგოშვილი გერმანიას თავშესაფარს სთხოვდა, მან მხარდაჭერის წერილი დაწერა და ხანგოშვილის თხოვნას მხარი დაუჭირა:„საქართველოში უშიშროების მხრივ სიტუაციის გაუარესებასთან და რუსული გავლენის ზრდასთან ერთად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დიდი საფრთხის წინაშე იქნებოდა, თუკი გერმანია უარყოფითად უპასუხებდა მისი და მისი ოჯახის თხოვნას თავშესაფრის მინიჭების შესახებ და უკან გააბრუნებდა“.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ამ დანაშაულის რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
გერმანიის ფედერალურმა პროკურტურამ კრასიკოვს ბრალი სს კოდექსის 211-ე – მკვლელობის მუხლით წაუყენა. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი დანაშაულს «ან ფინანსური გამორჩენის მიზნით სჩადიოდა, ან იზიარებდა დამკვეთების მოტივს – მოეკლათ პოლიტიკური ოპონენტი და ამ გზით შური ეძიათ წარსულში რუსეთთან კონფლიქტში მისი მონაწილეობის გამო».რუსეთის ხელისუფლება ამ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანგოშვილის სიკვდილი “ბანდიტური გარჩევების” შედეგი იყო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა. თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს უარყო.მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – რომან დ. Bellingcat-ის მონაცემებით, ის რომან დავიდოვია, თუმცა მისი გვარ-სახელიცა და მონაცემებიც გამოგონილია.


