„ინფორმაცია, თითქოს "ზგუშონი" მოვიპარე, სიცრუეა. ვინც პოსტი გაავრცელა თაღლითია“

11-12-2020 14:43:13 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

უკანასკნელ დღეებში სოციალური ქსელი მოიცვა ახალგაზრდა დედის სევდიანი ისტორიის აღმწერმა „ფეისბუქ“–პოსტმა, რომ ქალი, რომელსაც ჯარისკაცი მეუღლე დაეღუპა, პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, შვილი კი მშიერი დარჩა, იძულებული გახდა, მაღაზიიდან ერთი ქილა „სგუშონი“ მოეპარა, პერსონალმა კი პატრული გამოიძახა. ისტორია სრულდება იმით, რომ ქალს მოქალაქეებმა ფული აუგროვეს და ნობათით დატვირთეს, თუმცა, ბუნებრივია, მძიმე ამბით შეძრული მოქალაქეები დახმარების სურვილით განიმსჭვალენ და ახალგაზრდა დედის ძიებას შეუდგნენ.

პოსტის ავტორად მითითებულ „ფეისბუქ“–მომხმარებელთან კონტაქტზე გასვლა „აქცენტმაც“ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ორი შვილის დედა ანგელინა ხუდოევა კი ამბობს, რომ მის მონაცემებს მისთვის უცნობი პირი ბოროტად იყენებს და ეჭვი აქვს, რომ თაღლითობის მიზნით.

როგორც მან „აქცენტს“ უამბო, მომხდარის შესახებ მეზობლისგან შეიტყო და აღმოაჩინა, რომ შვილებთან ერთად გადაღებულ მის ფოტოს უცნობი ადამიანი იყენებს და მას ღირსებასა და რეპუტაციას ულახავს. ოჯახმა მორალური ზიანიც მიიღო.

„ჩემი მეუღლე ცოცხალია, თუმცა ოპერაცია აქვს გადატანილი. გაწევრიანებული ვარ „დედების ფონში“, დავდივარ ეკლესიაში, დიახ, მიჭირს და ადამიანები მეხმარებიან. როცა გიჭირს, უნდა ითხოვო დახმარება და დაგეხმარებიან, კი არ უნდა იქურდო. რატომ დამაბრალეს ასეთი მძიმე ქმედება, რატომ მილახავენ რეპუტაციას?“,– აქვს კითხვა ქალს და გეგმავს, რომ საკითხში სამართლებრივი გზით გაერკვეს.

ოჯახი ამბით შეურაცხყოფილია და შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროსთვის მიმართვას აპირებს.

„უნდა გაირკვეს, ვინ, რა მიზნით წერს მსგავს ცილისმწამებლურ ამბავს, რათა საკადრისად აგოს პასუხი კანონის წინაშე, რომ შემდეგ სხვებიც ჩვენს მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. მსგავსი ბრალდების წამოყენება ჩვენთვის თვითმკვლელობის ტოლფასია“,– ამბობს მომხდარით აღშფოთებული ოჯახი.

„აქცენტი“ ესაუბრა „ზღაპრის“ ზაჰესის იმ ფილიალის მენეჯერს, რომელშიც პოსტის ავტორის თქმით, მის მიერ აღწერილი ინციდენტი მოხდა, რასაც ფილიალში არ ადასტურებენ.

„არც ახლო წარსულში და არც ზოგადად, ჩვენთან მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია – ეს ტყუილია!“,– აღნიშნავენ ზღაპარში.

ამდენად, ოჯახი იმედს იტოვებს, რომ პოლიცია სათანადოდ მოახდენს რეაგირებას და პოსტის ისტორიას მისი მიზნების ჩათვლით, ნათელს მოჰფენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები