
კობახიძე განმარტავს, როგორ გაიგო ISFED-ს "უხეშ ხარვეზზე": "პირადად დავთვალე არითმეტიკულად"
14/12/2020 07:36:37 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ არჩევნების პარალელური დათვალის შედეგებს (PVT) პირადად "ჩაუღრმავდა" და ისე აღმოაჩინა "უხეში ხარვეზი". დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისშივე იცოდა, ბოლოს კი ეს საკითხი ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზეც დააყენა.
"მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ს, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. ეს მოხდა 8 ნოემბერს. ყველა პარტიასთან ფიქსირდებოდა მინუსი, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ რაღაც უხეში ხარვეზი იყო მინიმუმ გაპარული. ამის შემდეგ გავუზიარე ეს შალვა პაპუაშვილს, რომელიც მუშაობდა საარჩევნო საკითხებზე და ერთად შევჯერდით. 9 დეკემბერს ვაკეთებთ საჯარო განცხადებას ამაზე, რის შემდეგაც დაიწყო აუდიტი ISFED-ში. 17 ნოემბერს შევხვდით ISFED-ს წარმომადგენლებს და ამ შეხვედრას ჩვენი მხრიდან წარმართავდა შალვა პაპუაშვილი, სადაც გავუზიარეთ ყველაფერი, სადაც, სამწუხაროდ ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო. ასევე, უარყოფდა ის ამ ხარვეზებს დეკემბერშიც, როცა გუშინ აღიარა, რომ ნოემბერშიც იცოდა. ვიდრე ISFED გაასაჯაროვებდა ამ მონაცემებს, ელჩებისა და პარტიების წინაშეც დავაყენეთ საკითხი. ვთქვით, რომ ეს იყო არა შეცდომა, არმედ, მანიპულაცია", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თავად "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე გამოთქვამს ეჭვებს, რომ შესაძლოა უსმენენ და ორგანიზაციის ინფორმაცია არჩევნების ოქმების პარალელური დათვლის დროს შეცდომის დაშვების შესახებ მმართველ გუნდამდე სწორედ ამ გზით მივიდა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა.
ცნობისთვის: "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021