Accentnews.ge
"საქართველოს მთავრობამ რიგ საკითხებზე სერიოზული მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ქართველი სუპერ ჯარისკაცები ამას იმსახურებენ"

"საქართველოს მთავრობამ რიგ საკითხებზე სერიოზული მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ქართველი სუპერ ჯარისკაცები ამას იმსახურებენ"

14/12/2020 14:07:48 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "თუ საქართველოს სურს, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, რაც კი შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს მიუხედავად იმისა, რას აკეთებს NATO". ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა „აქცენტთან“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში საქართველოს აქტიურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „აქცენტი“ დაინტერესდა, მაინც რა სახის ინიციატივებით შეიძლება, მიიქციოს საქართველომ ყურადღება.

ბენ ჰოჯესის შეფასებით, არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც ქვეყანამ თავად უნდა გადაჭრას და მათ „ საქართველოს NATO–ს წევრობა სასწაულით ვერ მოუგვარებს“.

"ვფიქრობ, საქართველოში დიდი ხნის წინ უნდა გამართულიყო სერიოზული ეროვნული დებატები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ – თუ რა არის საჭირო ძლიერი გამძლეობის შესაქმნელად. როგორი უნდა ყოფილიყო მთლიანად ქვეყნის მთავრობის მიდგომა თავდაცვისადმი, როგორც შემდგომი რუსული აგრესიის თავიდან აცილების საშუალება. ვიცი, რომ სამხედრო ნაწილი ამას აცნობიერებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მთელი მთავრობა ამას აცნობიერებდეს. დრო და ძალისხმევა სჭირდება ამის მოსახლეობისთვის ახსნას, რათა ამ მიმართულებით მათი მხარდაჭერა იყოს.

დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, რა გააკეთა საქართველომ 2008 წლის ომის გამოცდილებიდან სწორი გაკვეთილების გამოტანის შედეგად. განხორციელდა თუ არა უკვე მომხდარის ანალიზი – რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო უკეთ. "ჯაველინების" მიღება შესაძლებლობების გაუმჯობესებაა, თუმცა აქვს თავდაცვის სამინიტროს შემუშავებული თავდაცვის სრული კონცეფცია, როგორ უნდა იყოს ეს სისტემები ამუშავებული და სად? შემუშავებულია დაბრკოლებების გეგმა? და ა.შ. NATO-ს წევრობა ამ საკითხებს სასწაულის გზით ვერ მოაგვარებს. ამერიკული სისტემების კოპირება, ან მხოლოდ ამერიკული აღჭურვილობის ყიდვა ამას არ გადაწყვეტს. ნახეთ რა დაემართათ სომხურ ძალებს მთიან ყარაბაღში? – მათ საკმაო რაოდენობის რუსული აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგრამ ცუდად გაწვრთნილები და არადისციპლინირებული იყვნენ, მათ არ გააჩნდათ ეფექტური მობილიზების პროგრამა, აზერბაიჯანის შესაძლებლობების და გეგმის თაობაზე არასრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდა და ამ ყველაფერმა მათი სწრაფად განადგურება გამოიწვია", – განაცხადა ჰოჯესმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სერიოზული მიდგომა ზემოთხსენებული საკითხისადმი.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების სუპერ ჯარისკაცები ამას იმსახურებენ", - დასძინა მან.

ცნობისთვის: 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა NATO–ს ქვეყნის მიმართ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო თბილისს – ალიანსისა და აშშ–სთვის ახალი ინიციატივების წარდგენისკენ.

"ლაპარაკი, რომ ევროპასა და NATO–ს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა.

ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი... იმის დროც მოვიდა, რომ მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები.

იგივე მიდგომა გვჭირდება NATO–სთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა NATO–სთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილობას და მომავლის ხედვას!", – განაცხადა პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S