
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყეს
14/12/2020 19:36:52 კავკასია
აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა 14 დეკემბერს სამხედრო ტყვეების ორმხრივი გაცვლის პროცესი დაიწყეს.
ბაქოში უკვე დაბრუნდა სამხედრო ტყვეების პირველი ჯგუფი, ასევე, აზერბაიჯანელი სამოქალაქო ტყვეებიც, რომლებიც მთიან ყარაბაღში 6 წლის წინ დააკავეს.
აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, სომეხი სამხედრო ტყვეების პირველი ჯგუფიც დღესვე დაბრუნდება სამშობლოში.
მთიან ყარაბაღში 44 -დღიანი ომის დასრულების შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, პროცესი დღემდე აქტიურად არ მიმდინარეობდა.
პროცესის გაჭიანურების გამო ერევანში სომხური ოპოზიციის წევრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებენ.
მხარეებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი 11 ნოემბერს მოაწერეს. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე კონტროლი მოიპოვა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, მათ შორის სოთქის ოქროს საბადოს ნაწილზეც, რაც სომხური საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაცია, თუმცა ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიმდინარეობდა საზღვრის დემარკაციის პროცედურები და აზერბაიჯანელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული ინციდენტი მოხდა ჰადრუთის რაიონშიც. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფლებზე ბაქოს გავლენა ვრცელდება, თუმცა ამ სოფლებს სომხური არაფორმალური ჯგუფები აკონტროლებდნენ. ცეცხლის გახსნის შემდეგ სოფლებში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.