რა მიზნით აპირებენ რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ალიანსში გაერთიანებას

15-12-2020 17:31:16 ანალიზი

ვლადიმირ პუტინმა ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, რომ „შეუძლებელი არაფერია.“ ამ განცხადების გასაკეთებლად მან „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ პლატფორმა გამოიყენა. კომუნისტური ჩინეთი და ნაკომუნისტარი რუსეთის თანამედროვე იმპერია სულ უფრო მეტად აღრმავებენ ქვეყნებს შორის „მეგობრულ“ ურთიერთობებს. თან ცდილობენ გაერთიანებული ძალებით დასავლეთს შეუტიონ. თავად პუტინმა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებად სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო პროექტები დაასახელა. თუმცა, არანაკლებ პროდუქტიული კოოპერაცია მათ ხომ კიბერ შეტევების კუთხითაც აქვთ?

დასავლურ ინსტიტუციებსა თუ მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე კიბერ თავდასხმების უკან რუსი და ჩინელი ჰაკერები ძალიან ხშირად დგანან. სულ რამდენიმე კვირის წინ, კანადამ ისტორიაში პირველად, პეკინი და მოსკოვი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასშტაბური კიბეროპერაციების ავტორებად და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საფრთხედ დაასახელა. გლობალური პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ვირუსთან გაერთიანებული ძალებით იბრძვის, რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ. ამ დროს კრემლი თავის ქვეყანაში მედიკოსებისთვის ელემენტარული პირობების შექმნითაც კი არ იწუხებს თავს, ჩინეთმა კი ვირუსის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს იქამდე დაუმალა, სანამ ძალიან არ დაგვიანდა.

როგორც წესი, ავტორიტარულ ქვეყნებს შორის ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება, მაგრამ როდესაც საუბარი წამყვან არადემოკრატიულ ძალებს ეხება, ვითარება უფრო რთულდება. პეკინი და მოსკოვი ყოველთვის აგრესიული მეთოდებით ცდილობენ თავიანთი უპირატესობის დამტკიცებას და მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა. ორივე ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა, ხალხს არჩევანის თავისუფლება არა აქვს და ელიტური ჯგუფების გარდა, ყველას აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება.

ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს აგრესიული საგარეო პოლიტიკითაც ძალიან გვანან. პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეზობელი ქვეყნების დაჩაგვრის ხარჯზე ცდილობს ინტერესების გამყარებას, რუსეთი კი, ყოფილი გავლენის სფეროს ქვეყნებზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევებსაც კი არ ერიდება.

თუმცა, ერთმანეთის მსგავსი ქმედებების მიუხედავად, ჩინეთის და რუსეთის ინტერესები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რეალურად ისინი მეტოქეები უფრო არიან, ვიდრე პარტნიორები. ასე მაგალითად, ჩინეთი ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. არც რუსეთი უჭერს მხარს ჩინეთის ინტერესებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში. ის „მეგობრობაც“, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს, პეკინისთვის უფრო მისაღებია. ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთზე მეტი შესაძლებლობებით გამოირჩევა და რუსულ ენერგობაზარზეც იმაზე მეტი წვდომა აქვს, ვიდრე ეს ოფიციალური მოსკოვის უსაფრთხოებისთვის ნორმალურია. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, რადგან ისევე როგორც ყველა სხვა, ამ შემთხვევაშიც პუტინი ვიწრო, განდიდების მანიაზე ორიენტირებული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.

პეკინთან თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებითვის დამაზაინებელი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ დასავლეთს ცივი ომის პერიოდიდან დაწყებულ „თამაშში“ ერთი ქულით უგებს. პუტინს სჯერა, რომ ყველაფერი რაც ცუდია ევროპისთვის, კარგია მისთვის. მაგრამ არის კი ჩინეთისთვის ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგო სექტორზე, ისევე როგორც სამხედრო სფეროზე ამხელა წვდომის მიცემა კარგი რუსი ხალხისთვის? თანაც, ახლა უკვე სამხედრო ალიანსის შექმნის შესახებ საუბრით ვლადიმირ პუტინი რუსეთის უსაფრთხოებასთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხოებასაც ემუქრება. სამხედრო ალიანსი ორ ავტორიტარულ ქვეყანას შორის, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ და უკვე არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი აგრესიული ბუნება, შესაძლებელია კაცობრიობისთვის უდიდესი კატასტროფით დასრულდეს. დასავლურმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ეს არ დაუშვან.

/მარიამ ყალიჩავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები