
კალაძე: „მინდა, საახალწლო დღეები იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე“
16/12/2020 07:18:54 ციტატა
„რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის და იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას. რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს. ეს საახალწლო დღეები მინდა, იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა - ამაზე მაგარი არაფერია“.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა:
"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები".