
დონალდ ტრამპი: "ირანი ცეცხლს ეთამაშება"
02/07/2019 04:28:29 სხვა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდით ცეცხლს ეთამაშება. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს გზავნილი ირანისთვის.
„არანაირი გზავნილი ირანისთვის. მათ იციან, რას აკეთებენ, რას ეთამაშებიან. მე ვფიქრობ, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. ირანისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას მანამ გააგრძელებს, ვიდრე ირანის ლიდერებს კურსს არ შეაცვლევინებს.
პირველ ივლისს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას გადააჭარბა. ამგვარად, 3,67 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის რაოდენობამ ირანში 300 კილოგრამს გადააჭარბა. სწორედ 300 კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებით. მაისში ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას წყვეტს.