„ქართული ოცნება“ ფართო ამნისტიას აცხადებს

16-12-2020 14:00:15 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. როგორც პარლამენტში განიმარტა, პროექტი ჯამში 44 მუხლს მოიცავს, მათ შორისაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, სხეულის დაზიანება.

ამნისტია ასევე შეეხება ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, გარდა გასაღების ნაწილისა.

ამასთან, იმ სამ პირს, რომლებიც 260–ე მუხლით უვადო პატიმრობას იხდის, სასჯელი ვადიანად (20 წლით) გარდაექმნებათ და შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.

„კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. თუმცა, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა.

ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც: 1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - დაზარალებულის თანხმობა; 2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა. 3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხებათ დანარჩენ უვადო პატიმრობა მისჯილებს, „ქართული ოცნება“ მსჯავრის შეცდვლის პროცედურების რეფორმირებას აანონსებს.

ცნობისთვის: ეს „ქართული ოცნების“ პირობებში ამნისტიის მეორე აქტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები