რურუას ცემის საქმეზე სასჯელაღსრულების ორი თანამშრომელი დააკავეს
16/12/2020 14:45:45 სამართალი
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა. საუბარია "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუას ცემის საქმეზე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა.
ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.


