
რუსულ-აფხაზური დაძაბულობის მორიგი კვანძი: “პარლამენტი” რუსი მესაზღვრეების “არაკორექტულობით” აღშფოთებულია
17/12/2020 08:57:19 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი მისი წევრის მიმართ რუსი მესაზღვრეების “არაკორექტულობით” აღშფოთებულია. საქმე ამჯერად “დეპუტატ” ალმას არძინბას მიერ ფსოუზე “საზღვრის” კვეთისას მომხდარ ინციდენტს ეხება.
აფხაზური “პარლამენტის” სპიკერმა ვალერი ქვარჩიამ მომხდართან დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო უწყებას მიმართა.
«15 დეკემბერს, მოსკოვის დროით 10:00 სთ-ზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “ფსოუს” კვეთისას რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატი “საუბრისთვის” შენობაში შეიყვანეს და იქ თითქმის ორი საათის განმავლობაში უსვამდნენ არაკორექტულ კითხვებს, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას ეხებოდა. ეს პროცედურა დაქტილოსკოპიით დასრულდა. მსგავსი ინციდენტები ადრეც არაერთგზის მომხდარა ჩვენი პარლამენტის წევრებისა და აფხაზი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ. აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების მსგავსი ქმედებები დაუშვებელია და ზიანს აყენებს მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას” – ნათქვამია ქვარჩიას წერილში.
“სპიკერი” საგარეო საქმეთა “სამინისტროსგან” რუსული მხარისთვის მიმართვასა და ახსნა-განმარტებების მოთხოვნას ითხოვს.
თავად “დეპუტატი” ალმას არძინბა სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ რუსი მესაზღვრეები უსვამდნენ კითხვებს მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და “სადეპუტატო” საქმიანობის თაობაზე. მისი აზრით, ეს პოლიტიკური ზეწოლის მაგალითი და ოპოზიციის დაშინების მცდელობაა:
«ვთვლი, რომ ჩემი პერსონისადმი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობითაა განპირობებული. რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მსგავს ნაბიჯებს ჩვენი ხელისუფლების სანქციის გარეშე არ გადადგამდნენ. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია: მას არ ძალუძს ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი და როგორც ჩანს, მსგავსი მეთოდებით ცდილობს როგორც პირადად ჩემს დაშინებას, ისე დანარჩენებისთვის მაგალითის ჩვენებას. მინდა, დავარწმუნო ყველა, ვისაც მომხდართან ესა თუ ის კავშირი აქვს, რომ ოპოზიციაზე მსგავსი ზეწოლა შედეგს ვერ გამოიღებს. მეტიც, ეს კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამავდროულად, მსგავსი ინციდენტები ზიანს აყენებს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს», – წერს არძინბა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის აგვისტოში ფსოუს “საზღვარზე” ინციდენტი მოხდა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის ახრა ავიძბას მონაწილეობით. ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას, ავტომანქანით სასაზღვრო ზღუდე გაანგრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა. მოგვიანებით ავიძბამ უამბო ჟურნალისტებს, რომ “რუს მესაზღვრეებს დიპლომატიური პასპორტი უჩვენა, თუმცა მესაზღვრეებმა მაინც შეაჩერეს”.