Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა – გამოძიების შეწყვეტაზე: "პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ"

ბაჩალიაშვილის დედა – გამოძიების შეწყვეტაზე: "პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ"

17/12/2020 10:53:30 სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროტესტის ყველანირ ფორმას მიმართვას.

მისი ვარაუდით, "საქმის დახურვა მანამდეც ჰქონდათ განზრახული, თუმცა უწყება არჩევნების დასრულებას ელოდებოდა".

"არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის მანძილზე ესე იგი მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა. ამათ ავიწყდებათ ღვთის სამსჯავრო, ღმერთის კანონებიც არსებობს ადამიანების კანონმდებლობის გარდა, მკვლელობას არავის შეარჩენს და სისხლიანი ხელებით დიდხანს ვერ იქნებიან მთავრობაში", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, "რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი?", თამაზაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ რადგან დახურეს, ესე იგი თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის: პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S