
პუტინი: “საერთაშორისო სამართლის თვალთახედვით, ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია”
17/12/2020 13:52:03 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ თვლის, რომ ყარაბაღის მეორე ომს რაიმე გარე ჩარევა დაედო საფუძვლად. ამასთან, როგორც მან დღეს წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
«არა მგონია, ეს გარე ჩარევის შედეგად მომხდარიყო. მანამდე მრავალგზის მომხდარა შეტაკებები, ლოკალური ინციდენტები, ორმხრივი სროლა. საბოლოო ჯამში, ეს კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთის პოზიცია ყოველთვის მდგომარეობდა იმაში, რომ შეთანხმება ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე უნდა ყოფილიყო მიღწეული. ეს პოზიცია გვქონდა “მინსკის ჯგუფშიც”. ყოველთვის, მრავალი წლის განმავლობაში ამოვდიოდით იქიდან, რომ აზერბაიჯანს უნდა დაჰბრუნებოდა ყარაბაღის ირგვლივ არსებული 7 რაიონი. თავად ყარაბაღის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს, თუმცა მასა და სომხეთს შორის კავშირის აუცილებელი პირობით, - ამისთვის იყო ნავარაუდევი “ლაჩინის დერეფანი”. თურქეთის პოზიცია კი იმას ემყარება, რომ იგი იცავდა, როგორც თავად თვლის და იცავს აზერბაიჯანის მართალ საქმეს, კერძოდ, 1990-იანებში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყველა ეს ტერიტორია აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია. თავად სომხეთს ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებია», – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი მშვიდობისმყოფელების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მხოლოდ კონფლიქტის მხარეებთან შეთანხმებით.