გომელაური – ბადრი ესებუაზე: "ვმუშაობთ, მეტს ვერაფერს გეტყვით"
18/12/2020 07:59:20 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყება მუშაობს.
საქმის მიმდინარეობაზე მინისტრი მეტ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც გომელაურის თქმით, ესებუას ეხმარებოდა.
"ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და აკრძალული ტვირთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ, ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გომელაურმა.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ მას თანხა გადასცეს. იგი მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა.
რაც შეეხება ესებუას ძმას, ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ესებუას იარაღი და საბრძოლო მასალა "ჩაუდეს".


