პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა

18-12-2020 17:13:08 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.

მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, როგორც მთავრობაში განმარტავენ, მისი ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

პარალელურად, „ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას.

შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის“,– აღნიშნავენ მთავრობაში და დასძენენ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;

∙ ეკონომიკური განვითარება

∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება

∙ სახელმწიფო მმართველობა

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები