ჩინური დრაკონი საქართველოში – რისკები, სარგებელი და აშშ–ის საპასუხო ნაბიჯები

18-12-2020 20:40:31 ანალიზი

ჩინეთი ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებას სხვადსხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებით ცდილობს. ევროკავშირის არაწევრი, პატარა ქვეყანა საქართველო, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გადაუდებელი საჭიროება აქვს, განსაკუთრებით დაუცველია ჩინეთის გავლენისა და მისი მტაცებლური ბუნებისგან.

"ერთი სარტყელი - ერთი გზა" (BRI) ჩინეთის ყველაზე შემაშფოთებელი ინიციატივაა ქართული ინფრასტრუქტურისთვის. სესხები იმ ბანკებიდან, რომლებიც ინიციატივის უკან დგანან, საქართველოს მმართველობის სტანდარტებს და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. თუმცა ამ ბანკებისგან განსხვავებით, "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი" (AIIB), რომელმაც დაადასტურა თავისი ერთგულება მაღალი სასესხო სტანდარტებისადმი, საქართველოს თავისი სესხის გაცემით კონკრეტულ და მდგრად სარგებელს მოუტანს.

ერთ–ერთი მთავარი პრობლემა უსამართლოდ სუბსიდირებული ჩინური კომპანიებია – ისინი ჩინეთის ხელისუფლების მიერ იმდენ სუბსიდიას იღებენ, რომ ტენდერებში სხვა დამოუკიდებელი კომპანიები მათ კონკურენციას ვეღარ უწევენ. მთავრობას უნდა შეეძლოს ასეთი ჩინური კომპანიების გარჩევა. უსამართლოდ სუბსიდირებული ჩინური კომპანიები ამახინჯებენ ადგილობრივ ბაზრებს და ითვისებენ გლობალურ ინდუსტრიებს.

ჩინური ქმედების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას და დაიცვას იგი ჩინური მტაცებლებისგან "განვითარების საფინანსო კორპორაციისა" (DFC) და მისი "Blue Dot" ქსელის საშუალებით.

რატომ არის მოსალოდნელი საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდა

ჩინური კომპანიები, ინსტიტუტები და მთავრობის ინიციატივები ევროპასა და მის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში უკვე ჩართულნი არიან. ჩინეთის ინვესტიციები, განსაკუთრებით ის, რაც განხორციელდა BRI–ს ეგიდით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების მმართველობას და ხელს უწყობს ჩინეთის პოლიტიკური გავლენის ზრდას ევროპის გულში. შემდეგი ევროპული ქვეყანა, რომელიც მის ტერიტორიაზე ჩინეთის ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმასპინძლებს, შესაძლოა საქართველო იყოს. ქვეყანა, რომელსაც სჭირდება დიდი ინვესტიციების მოზიდვა, რათა მიაღწიოს ამბიციურ მიზანს – გახდეს მთავარი ლოგისტიკური ცენტრი.

ჩინეთის ჩართულობას სხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მოაქვს რისკებიც და შესაძლებლობებიც. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო განსაკუთრებით დაუცველია და აშშ-ის პოლიტიკის შემმუშავებლები უნდა დაეხმარონ თბილისს, შეამციროს BRI-დან და ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჩინური კომპანიებიდან მომავალი საფრთხეები.

ჩინურმა კომპანიებმა, ინვესტორებმა და ინსტიტუტებმა უკვე ჩადეს ინვესტიცია და ასობით მილიონი დოლარი ასესხეს კავკასიის პატარა ერს. საქართველოში მათი ჩართულობა სავარაუდოდ, გაიზრდება ორი მიზეზის გამო:

  • პირველი არის covid-19 პანდემია, რომელმაც შეაფერხა საქართველოს ეკონომიკა და შექმნა ახალი ინვესტიციების მწვავე საჭიროება. პარალელურად, პანდემიამ დასავლეთის მთავრობებისა და კომპანიების ფინანსურ რესურსებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, რომლებსაც შესაძლოა, საქართველოში ეს ინვესტიციები განეხორციელებინათ. გარდა ამისა, მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა (MDB), რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, რესურსები პანდემიის დასაძლევად გადაამისამართეს. მაგალითად, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" (EBRD) თავისი ხარჯები 2020 და 2021 წლებისთვის (ჯამში 45 მილიარდი ევრო) covid-19–ზე მიმართა.
  • მეორე მიზეზი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წარუმატებლობა. პროექტი, რომელსაც მხარი დაუჭირეს MDB-მა და დასავლელმა ინვესტორებმა, წლებით ჩამორჩა დაგეგმილ გრაფიკს და ის საშინაო პოლიტიკურ დავაში ჩართეს. პორტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დონორებთან ურთიერთობა გააუარესოს და შელახოს ქვეყნის რეპუტაცია ინვესტორების წინაშე. ეს ყველაფერი ქართველი პოლიტიკოსებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინეთის მონაწილეობას.

"ოცნების" ხელისუფლების პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტების პოლიტიზირებისკენ მიმართული ტენდენცია

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნა, რაც მიანიშნებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების პოლიტიზირებისკენ მიმართული ბოლო პერიოდში გამოვლენილი ტენდენცია გაგრძელდება.

მიუხედავად მოწონების რეიტინგის შემცირებისა და ეკონომიკური არასათანადო მენეჯმენტის ბრალდებებისა, „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია ოპოზიციური კოალიციიდან, რომელსაც პოლარიზებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, მომდინარე გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და კონკურენტული, 5–მა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა ოფიციალური შედეგების აღიარებაზე. ამასთან, რიგმა ორგანიზაციამ, მათ შორის "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" შეშფოთება გამოთქვა დარღვევებზე, რომელიც უკავშირდებოდა, მათ შორის, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, დაშინებასა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას.

ჩინური კომპანიების სარგებელი და რისკი

ყველა ჩინური კომპანია, სესხი და პროექტი საქართველოში ერთნაირად განხილული არ უნდა იყოს. სამი გზა, რომლის საშუალებითაც ჩინეთი საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობს:

  • "აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი" (AIIB);
  • "ერთი სარტყვეელი– ერთი გზა" (BRI);
  • კერძო ჩინური კომპანიები, რომლებიც უსამართლოდ იღებენ მთავრობიდან სუბსიდირებას ტენდერების დროს;

AIIB საქართველოს ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მას 200 მილიონ დოლარზე მეტი სესხი აქვს გაცემული. იგი მხარს უჭერს ორ მნიშვნელოვან პროექტს – ჰიდროელექტროსადგურს და შემოვლით გზას. გარდა ამისა, კორონავირუსთან გასამკლავებლად 50 მილიონი ევრო გამოყო.

სხვა MDB–ების მსგავსად, როგორიცაა "მსოფლიო ბანკი" და EBRD, AIIB ადგენს გამჭვირვალობის, სესხის მდგრადობის და გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს. თუმცა პარალელურად, AIIB ზრდის პეკინის რბილ ძალას და ყალიბდება, როგორც აშშ-ის გლობალური ხელმძღვანელობის ალტერნატივა.

BRI სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტსა და მმართველობას. BRI–ს სესხის გაცემით კვებავს ორი სახელმწიფო გიგანტური ბანკი – "ჩინეთის განვითარების ბანკისა" (CDB) და "ჩინეთის ექსპორტ–იმპორტის ბანკი". ორივე ერთად დაახლოებით $ 3 ტრილიონ დოლარს ფლობს.

მათ მიერ შემოთავაზებული გაუმჭვირვალე გარიგებები, საიდუმლოებასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა სესხის პირობები და სახელმწიფო გარანტიები, ხშირად ქვეყნებს ვალებში აგდებენ და ხელს უწყობენ კორუფციას, ვიდრე მასპინძელი ქვეყნები მდგრად ეკონომიკურ სარგებლს მიიღებენ.

საბედნიეროდ, ამ პოლიტიკის ბანკები თითქმის არ არსებობს საქართველოში. თუმცა ამის ნაცვლად, სესხები მოვიდა კომერციული პირებისგან, როგორიცაა "Hualing Group" და ZPMC– მწარმოებელი გიგანტი. შეერთებულ შტატებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ საქართველოს ამ ჩინური ბანკების ნაცვლად, წვდომა ჰქონდეთ დაფინანსების სხვა წყაროებზე.

გარდა ამისა, ჩინური კომპანიები მონაწილეობენ ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც არ ასოცირდებიან არც BRI –სა და არც AIIB–სთან. მაგალითად, "ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია" მონაწილეობდა საქართველოში "აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების" პროექტის მშენებლობაში, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული. ეს არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ის ფაქტი, რომ ბევრი ჩინური კომპანია ხშირად სარგებლობს ჩინეთის მთავრობის მხრიდან უსამართლო სუბსიდირებით.

ჩინეთი იყენებს სუბსიდიებს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მაგალითად, მნიშვნელოვანი ინდუსტრიების ბაზრის წილის დაკავების მიზნით. ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის კომპანიებს სუბსიდირებას უწევს, მაგრამ მისი უზარმაზარი რესურსი და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური მოდელი მას განსაკუთრებით საშიშ აქტორად აქცევს: იგი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 3% -ს ბიზნესის პირდაპირი და არაპირდაპირი სუბსიდირებისთვის ხარჯავს.

ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და უსაფრთხოების შედეგები. ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის გარეშე, რაც მოითხოვს მყარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, საქართველო და მისი მეზობლები ევროპაში დაუცველები იქნებიან გარე ძალების ჩარევისა და პოპულისტი პოლიტიკოსებისგან.

გარდა ამისა, პორტები, რკინიგზა და მაგისტრალები განსაზღვრავენ რომელ ქვეყნას რომელ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობა. სადღეისოდ საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ბევრი გზა მიემართება მოსკოვისკენ, მემკვიდრეობით მიღებული საბჭოთა ინფრასტრუქტურის წყალობით. ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ნაკადების დანარჩენი ევროპის მიმართულებით გადაკეთება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მოქცევას და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას.

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება საქართველოში

საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განუყოფლად არის დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან და მხოლოდ მნიშვნელოვანმა ინვესტიციამ შეიძლება, გადააკეთოს ქვეყანა ლოგისტიკის ცენტრად და მოიყვანოს შესაბამისობაში ევროატლანტიკური ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემასთან. საქართველოს საზღვარგარეთიდან მილიარდობით დოლარი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების მომსახურება სჭირდება, რომელთა ნაწილი აუცილებლად მოდის ჩინეთიდან. ჩინეთის ჩართულობის გარკვეული ფორმები საქართველოს ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობაში ქმნის პოლიტიკური გავლენის, ვალებში გადავარდნის და ბაზრის არასტაბილურობის რისკს. ეს რისკები უნდა იყოს დაბალანსებული, საქართველოს უსაფრთხოებისა და ახალი ინფრასტრუქტურის გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით.

საქართველო უსაფრთხოების კუთხით მძიმე ვითარებაში იმყოფება: რუსეთი ქვეყანას არა მხოლოდ თავის პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროდ მიიჩნევს, არამედ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიც უკავია. საქართველო არ სარგებლობს NATO–ში წევრობის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიით და კრემლი აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

ქართველები თავიანთ მომავალს დასავლეთში ხედავენ.

ბევრი ევროატლანტიკურ სამყაროში მეტად ინტეგრაციას რუსული საფრთხისგან თავის არიდების გზად მიიჩნევს. მოქმედი და ყოფილი ქართველი ოფიციალური პირები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ამ სტრატეგიის გასაღები და, შესაბამისად, მათი ქვეყნის უსაფრთხოების გასაღები, არის საქართველოს გეგმა, გარდაიქმნას სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად ევროპასა და აზიას შორის.

ამით საქართველოს უფრო ღრმა კავშირები ექნება ევროპის ეკონომიკასთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს პორტების გავლით ევროპული ბიზნესი ისარგებლებს, მათი მთავრობები აღიარებენ, რომ მათ აქვთ ეკონომიკური ინტერესები საქართველოში და უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მომავალში თუ რუსული აგრესია საფრთხეს შეუქმნის ევროპულ ინვესტიციებს ან სავაჭრო გზებს საქართველოში, დასავლეთისგან კრემლი ნამდვილად უფრო მკაცრ რეაგირებას მიიღებს.

ანაკლია: ქართული ინფრასტრუქტურის განვითარების საწინდარი

საქართველოს სტრატეგია გახდეს სატრანზიტო კვანძი, დამოკიდებულია ახალ და განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, რაც დიდი რაოდენობით ტვირთის სწრაფად და ეფექტურად გატარებას შესაძლებელს გახდის. ეს სტრატეგია მოიცავს სარკინიგზო, საგზაო და განსაკუთრებით, საპორტო კავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს სჭირდება, ღრმაწყლოვანი პორტია. დიდი ხომალდები, რომელთა ტევადობაა 10,000 TEU (სატვირთო სიმძლავრის ერთეული, სტანდარტული გადაზიდვის კონტეინერის ექვივალენტი) უკვე მოძრაობენ შავიზღვისპირეთში, იყენებენ ღრმა წყლის პორტებს დასავლეთ სანაპიროზე. საქართველოს არსებულ პორტებს კი მხოლოდ 1500 TEU ხომალდის მიღება შეუძლიათ. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან (ADC) 2016 წელს გააფორმა ხელშეკრულება ანაკლიაში ახალი ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის შესახებ. ნავსადგურის განვითარების ცხრა ფაზის განხორციელება, რომლის დასრულებას ათწლეულები დასჭირდება, 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდება. ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პირველი ეტაპი 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. ანაკლია პანამაქსის ტიპის გემების მიღებას შეძლებდა.

პროექტის დასაფინანსებლად კერძო და საერთაშორისო ინსტიტუციურმა ინვესტორებმა გამოთქვეს სურვილი და მრავალი MDB– ს ჩართვა გარანტირებულს ხდიდა, რომ პროექტი დააკამყოფლიბედა გამჭვირვალობის, გარემოზე ზემოქმედების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის მაღალ სტანდარტებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine იქნებოდა, საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებდა მასზე პოლიტიკურ კონტროლს და, საბოლოოდ, მის სრულ მფლობელობაში იქნებოდა დათმობილი გარკვეული პერიოდის შემდეგ.

ეს მოდელი - კერძო (და ძირითადად დასავლეთის) ინვესტორებისა და MDB– ების კომბინირება უზრუნველყოფს გამჭვირვალე დაფინანსებას და მდგრად ეკონომიკურ სარგებელს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" (ADC) შეძლო 70 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა კერძო წყაროებიდან და ხელი მოაწერა ვალდებულებებს, რომელთა საერთო ღირებულება $ 400 მილიონი იყო. აქ შედიოდა EBRD, AIIB, "აზიის განვითარების ბანკი" (ADB) და აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC).

ანაკლია ჰამბანტოტას – შრი-ლანკას პორტის საპირისპირო პოლუსი იყო. ჰამბანტოტა BRI- დან მომავალი საფრთხის ნათელი მაგალითია – ჩინეთმა უზრუნველყო ამ პროექტის დაფინანსება, შემდეგ შრი ლანკას დაადოს უზარმაზარი ვალი, რომელიც შრი ლანკამ ვერ გადაიხადა. შემდეგ თავად BRI–მ გადაიხადა და სანაცვლოდ, ნავსადგურის კონტროლი აიღო.

საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება

შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების კუთხით პროგრესი შეჩერდა. ADC–ს, საქართველოს მთავრობასა და ფინანსურ ინვესტორებს, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ADC–ს განცხადებით, მთავრობამ ჩაატარა "კარგად ორგანიზებული კამპანია პროექტის განადგურების მიზნით". მისივე ცნობით, "ქართული ოცნების" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეაშინეს პოტენციური ინვესტორები და MDB-ს ნდობა პროექტის მიმართ შეარყიეს, რის გამოც მათ მოითხოვეს სუვერენული გარანტიები დაპირებული 400 მილიონი დოლარისთვის". მთავრობა ADC– ს ბრალდებებს უარყოფს და კონსორციუმს ვალდებულებების ვერშესრულებაში – საკმარისი თანხების ვერმოზიდვაში ადანაშაულებს. მთავრობამ 2020 წლის იანვარში ADC– სთან კონტრაქტი გააუქმა. ანაკლიის პორტის პროეტის განხორციელება შეჩერდა.

ანაკლიის ბედი ეჭვქვეშ აყენებს ქართულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების სამომავლოდ მოზიდვას, განსაკუთრებით კერძო კომპანიების მხრიდან. დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წლები სჭირდება, რომ დასრულდეს, ამიტომ ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია.

თუ საქართველო ვერ შეძლებს უცხოელი ინვესტორების მოზიდვას სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ან ანაკლიის პრეცენდენტის გამო მას დამატებით პირობებს წამოუყენებენ MDB–ები, მას ექნება ცდუნება, დაფინანსების მიზნით ჩინეთს მიმართოს. საქართველოში BRI–ს პროექტები ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სუვერენიტეტს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ან კავშირებს დასავლურ ბიზნესთან, რასაც ანაკლია ჰპირდებოდა.

აშშ-ს მიერ ქართული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

აშშ-ს შეუძლია, დაიცვას საქართველო ჩინური ინვესტიციების ყველაზე ცუდი ასპექტებისგან, მაგალითად, ვალის ხაფანგში გაბმისგან, და შეამსუბუქოს სხვა სახის რისკები, მათ შორის – სუბსიდირებული კომპანიები. შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერაში უკვე ჩართულია და მის ხელთ არსებული ბერკეტები, განსაკუთრებით "აშშ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია" (DFC) - შეიძლება, გახდეს ჩინური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი.

შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტულად ანაკლიის პროექტს, რამდენიმე გზით. ამერიკული დახმარების მთავარი წყარო მოდის DFC–სგან, რომელიც უზრუნველყოფს სესხებს, კაპიტალის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად. 1993 წლიდან DFC საქართველოში აქტიურად მუშაობს და ათობით პროექტის დაფიფასებასა და პოლიტიკური რისკის დაზღვევაზე უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი თანხას აქვს გამოყოფილი.

DFC შეიქმნა BRI– ს საპასუხოდ. თუმცა DFC მუშაობს გაცილებით მცირე მასშტაბით. მისი სესხის საერთო მოცულობა მხოლოდ 60 მილიარდი დოლარია და ვერ შეძლებს, ჩაანაცვლოს ჩინური სესხები მსოფლიო მასშტაბით. დაფინანსების ამ დეფიციტის გამოსასწორებლად, შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო Blue Dot ქსელი – DFC– ს ეგიდით ინიციატივა, რათა ხელი შეუწყოს კერძო ინვესტიციების განხორციელებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, სესხის მდგრადობის და გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს. Blue Dot ქსელის წევრები არიან ავსტრალია და იაპონია. გლობალური კერძო კაპიტალის უდიდესი ჯგუფის გამოყენებით Blue Dot ქსელი BRI– ს მასშტაბის შესაბამისობას ისახავს მიზნად.

ჩინეთის მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურის პროექტებში

საქართველოსა და ჩინეთს კარგი ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. 2017 წელს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რაც მათ ვაჭრობას 44%-ით ზრდაში დაეხმარა 2016–2018 წლებში. ჩინეთი ახლა ქართული ექსპორტის სიდიდით მეექვსე ბაზარია და ქართული ღვინის მესამე უდიდესი მომხმარებელია. 2009–დან 2019 წლამდე პერიოდში ჩინეთის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში $ 650 მილიონი შეადგინა.

არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ჩინურ ბანკებს მომავალში უფრო დიდი როლი ექნებათ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დასავლეთიდან დაფინანსება შეჩერდება პანდემიით გამოწვეული რეცესიების ან ინვესტორთა სიფრთხილის გამო.

AIIB საქართველოში

AIIB არ არის ჩინეთის სახელმწიფოს ორგანო: ის ნამდვილად მრავალმხრივი ინსტიტუტია, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სამდივნო. ბანკი დაარსდა ჩინეთის მთავრობის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩინეთის მოქალაქე. სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში. ჩინეთი უმსხვილესი აქციონერია და ხმის მიცემის ყველაზე დიდი წილი აქვს (28%), რაც მთავარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებისთვის საკმარისია. AIIB ისეთივე მნიშვნელოვანია ჩინეთის განვითარების სტრატეგიაში, როგორც "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" ამერიკის გლობალური ფინანსური ხელმძღვანელობისთვის.

AIIB– სგან მიღებული სესხები საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან AIIB იცავს იგივე ტიპის სასესხო პრაქტიკას, რასაც "მსოფლიო ბანკი" და სხვა MDB–ები.

ანაკლიის გარდა, AIIB საქართველოში კიდევ ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს უჭერს მხარს. პირველი არის ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, AIIB–მ და ADB–მ თითოეულმა 114 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გასცეს, ხოლო საქართველოს მთავრობამ 87 მილიონი დოლარი გამოყო პროექტის განხორციელებისთვის.

ამასთან, AIIB–მ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გასცა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის. ამ პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტს ასევე აფინანსებენ: ADB; EBRD; "ევროპული ინვესტიციის ბანკი" და "კორეის განვითარების ბანკი". პროექტის მიზანია, აღმოფხვრას ზამთარში საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი და შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ენერგიის იმპორტზე. ეს პროექტები სასიკეთოა საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის.

ამავდროულად, AIIB ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს. 100-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ბანკს (აშშ-ს თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად), ბანკმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა, რაც ჩინეთის დიპლომატიური გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი წარმატება აქვს AIIB-ს და რაც უფრო უკეთესია მისი საერთაშორისო რეპუტაცია, მით უფრო მეტი რბილი ძალა აქვს პეკინს. AIIB–ის გლობალური ლიდერობა აშშ – ს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

თუმცა საქართველოს ეს ნაკლებად ეხება. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების AIIB–ს მიერ გამჭვირვალე და მდგრადი დაფინანსება საქართველოს აშკარა სარგებელს მოუტანს.

BRI საქართველოში

BRI გასცემს იაფ და გაუმჭვირვალე სესხებს ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით სატრანსპორტო პროექტებისთვის. ჩინეთი გთავაზობთ დაფინანსებას დიდი პროექტებისთვის და სანაცვლოდ მოიპოვებს პოლიტიკურ გავლენას და კონტრაქტებს ჩინეთის სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებთან. ფულის უმეტესი ნაწილი მოდის ჩინეთის პოლიტიკის ორ ბანკიდან CDB– სა და ჩინეთის ექსპორტ – იმპორტის ბანკიდან. მათი სესხების მასშტაბები უკიდეგანოა: ჩინეთის პოლიტიკის ბანკები ახლა უფრო მეტს ასესხებენ განვითარებად ქვეყნებს და უფრო მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი MDB– ები, მათ შორის მსოფლიო ბანკი.

ეს ბანკები საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ არიან ჩართულნი. CDB– მ 65 მლნ აშშ დოლარის კრედიტი გამოყო საქართველოს ბანკებისთვის, მაგრამ ეს თანხა გამიზნულია საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების გაფართოების მიზნით და არა ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

BRI– ს მხრიდან საქართველოსთვის საშიშროება სამომავლო პროექტებში შესაძლო ჩართულობა წარმოადგენს.

პანდემიით გამოწვეულ გლობალური კრიზისისა და ბიზნეს–რეპუტაციის გამო (რომელიც ანაკლიას მარცხმა გამოიწვია) თბილისს უფრო მეტი მიზეზი აქვს, ვიდრე ოდესმე, რომ განიხილოს ჩინეთის პოლიტიკის გამტარებელი ბანკებისგან მარტივი დაფინანსების საკითხი. ამ სესხების მიღების შედეგები შეიძლება, მძიმე იყოს. BRI ხშირად ცუდ დღეში აგდებს ქვეყნებს არამდგრადი სესხით, ხელს უწობს კორუფციას. .

აშშ-ს ინტერესები და საქართველოს უსაფრთხოება დაზარალდება, თუ თბილისი დათანხმდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ამ ბანკებიდან გაცემული სესხებით დააფინანსდეს.

ჩინური კომპანიები საქართველოში

ჩინეთი თავისი გავლენისთვის არა მხოლოდ BRI–სა და CDB–ს იყენებს, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს (SOE) და კერძო კომპანიებს, რომელთა, სულ მცირე 70% -ში პარტიის კომიტეტების წევრებია ჩასმული.

ჩინეთის კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მუშაობენ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, მოქმედებენ ლეგალურად და კონსტრუქციულად. მაგრამ რადგან ჩინეთის მთავრობა დიდ კონტროლს უწევს თავის კომპანიებს და მათ ასე აგრესიულად უჭერს მხარს, მათი მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეულ რისკებს შეიცავს.

ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის უსამართლოდ სუბსიდირებული კომპანიების მხრიდან მოდის. ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძვირი და რთულია. ათეულობით კომპანია შეიძლება ჩაერთოს ერთ პროექტში, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას, თუმცა როდესაც ჩინური კომპანია იყენებს მთავრობის სუბსიდიებს, ის ზიანს აყენებს სხვა მასზე უფრო ეფექტურ კომპანიას, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო სუბსიდიებით. ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სუბსიდიებს ახორციელებს, ან მხარს უჭერს თავის კორპორაციებს, მაგრამ ის განსაკუთრებით ცუდი მოთამაშეა. მარტო 2018 წელს ჩინეთის მთავრობამ რეკორდული – 22,3 მილიარდი დოლარის სუბსიდიები გამოუყო საჯაროდ ჩამოთვლილ კომპანიებს.

ამიტომ საჭიროა სამართლიანი პროცედურები უსამართლოდ სუბსიდირებული სატენდერო წინადადებების იდენტიფიცირებისა და უარყოფის მიზნით, რათა ხელი შეუშალონ სახელმწიფოებთან დაკავშირებულ ჩინურ კომპანიებს დომინირებას საქართველოს ბაზრებზე და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში.

რეკომენდაციები ჩინური პოლიტიკის საპასუხოდ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და დაფინანსებაში ჩინეთის ჩართულობა ვაშინგტონის, თბილისისა და ბრიუსელის პოლიტიკოსების წინაშე გამოწვევას წარმოადგენს. კომპანიები და ინსტიტუტები ჩინეთიდან წარმოადგენენ რისკისა და შესაძლებლობების ნაზავს საქართველოსთვის, რომლებიც ფრთხილად უნდა იყოს დაბალანსებული. მდგომარეობას ართულებს ახალი ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ღრმაწყლოვანი პორტის გადაუდებელი საჭიროება, რომლის გარეშეც საქართველოს ეკონომიკა გაჩერდება და რუსეთის გავლენა გაგრძელდება. BRI– ს მიერ გამოწვეულ საფრთხეს უფრო მეტად ამძაფრებს covid-19– ით გამოწვეული ღრმა გლობალური რეცესია და საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების პოლიტიზირების შემაშფოთებელი ტენდენცია - ტენდენცია, რომელიც სავარაუდოდ, გაგრძელდება „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობის გამო, მას არ შეუძლია, გაატაროს სინოფობიური პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს ყველა ჩინელ ინვესტორსა და კომპანიას. ამის ნაცვლად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა უნდა იპოვონ სტრატეგია, რომ თავიდან აიცილონ BRI– ს მავნე ელემენტები და უსამართლოდ სუბსიდირებული კომპანიები, ხოლო ისარგებლონ ჩინეთის სხვა ინსტიტუტების, მაგალითად, AIIB–ს ჩართულობით.

ჩინეთის ჩართულობის სხვადასხვა ფორმა განსხვავებულ რეაგირებას საჭიროებს. შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საქმიანობის საპასუხოდ 3 პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს:

AIIB პასუხისმგებლიან აქტორად მიიჩნიოს

AIIB–მ დაადასტურა, რომ იგი სესხის აღების პრაქტიკისადმი პასუხისმგებელიანი და გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს საქართველოსთვის რეალურ სარგებელს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერით. შეერთებულმა შტატებმა, DFC–ს მეშვეობით, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს AIIB– სთან საქართველოში, რათა დააფინანსოს მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ანაკლია. ასევე, უნდა გაგრძელდეს AIIB–სა და MDB–ების თანამშრომლობის წახალისება, რომლის წევრიცაა შეერთებული შტატები, მსოფლიო ბანკი, EBRD და ADB.

ამასთან, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა AIIB სამიზნედ არ უნდა გაიხადონ – როგორც ჩინეთის ზეწოლის ან დასჯის ფართო კამპანიის ნაწილი. ამგვარი ქმედება ხელს შეუშლის აშშ – ს პრეტენზიებს, რომ იგი მხარს უჭერს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. (AIIB მიჰყვება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვა MDB– ებთან) ამის ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს AIIB– ს მხარდაჭერას.

იმისთვის, რომ AIIB არ ჩამოყალიბდეს უფრო მეტად რბილ ძალად პეკინისთვის, შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბანკის მხარდაჭერა ემყარება გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის დაცვას. დასავლეთის საზოგადოებრივმა დიპლომატიამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს AIIB– სა და BRI– ს შორის ღრმა განსხვავებები.

უსამართლო სუბსიდირებას საუკეთესო პრაქტიკის საშუალებით დაუპირისპირდეს

შეერთებულ შტატებს შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს უსამართლო სუბსიდირებული პროექტების გარჩევაში. პირველ რიგში, Blue Dot ქსელმა უნდა გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი აღნიშნულის შესახებ. გარდა ამისა, აშშ–ის მთავრობამ ასევე უნდა გამოიკვლიოს კომპანიები (არა მხოლოდ ჩინური), რომლებიც იღებენ სუბსიდიებს და იყენებენ მათ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კონტრაქტების მოსაპოვებლად. შეერთებულმა შტატებს შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს სწრაფად განსაზღვროს და უარყოს პრობლემური წინადადებები.

DFC Blue Dot ქსელის საშუალებით დაეხმაროს საქართველოს გამჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაში

DFC- ს შეუძლია ამ დაფინანსების ნაწილი უზრუნველყოს უშუალოდ გაფართოებული საკრედიტო შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც "BUILD Act" ითვალისწინებს. თბილისში DFC–ს რეგიონალური ოფისის დაარსება, ასევე დადებით სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. Blue Dot ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს კერძო ინვესტორების ინფრასტრუქტურული პროექტების მოზიდვას, საქართველოსთვის პერსპექტიული იარაღია. იდეალურ შემთხვევაში, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში უნდა იყოს Blue Dot ქსელის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული პროექტი. Blue Dot ქსელის მეშვეობით აშშ–ს შეუძლია, მოიზიდოს ძალზე საჭირო ინვესტიციები, გააღრმავოს კავშირები საქართველოსა და აშშ-ს შორის და დაეხმაროს ქართული პროექტების რეპუტაციის აღდგენას დასავლელ ინვესტორებში.

ავტორი: CEPA–ს ანალიტიკოსი ბენჯამინ ზალინგერი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები