"შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით"
20/12/2020 16:05:11 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მხრივ სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შეზღუდვების მოხსნას ეპიდემიოლოგები ფრთხილად ეკიდებიან.
„ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით, საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა, შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. წინა ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს და იმედი გვაქვს, რომ თუ რამე შემსუბუქებები იქნება, მერე ადამიანებმა, თვითონ ჩვენ და ბიზნესმა უნდა დავიცვათ წესები, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც იყო ნოემბრის ბოლოს. დეკემბრის დასაწყისში“, – განაცხადა იმნაძემ.
იხილეთ ასევე: ტიკარაძე: "ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად"
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, 2 094 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 481 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 654 ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 913.
ამასთან, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.


