
მოქალაქეებმა სამხედრო-სავალდებულო სამსახური შესაძლოა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაიარონ
22/12/2020 16:16:20 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმას მოიცავს.
როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, იდეა ისაა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაიარონ.
მისი მონაცემებით, ეს დაახლოებით 7-8 ათასამდე სავალდებულო მოსამსახურეს გულისხმობს, რომლის მისაღებად დღეს თავდაცვის სამინისტროს სისტემა არ არის მზად:
„რეალურად თუ დავიწყებთ პროცესს, 2-3 წელიწადში ჩვენ მზად ვიქნებით ამხელა ნაკადი გავატაროთ. ეს მოგვცემს იმას, რომ უკეთ დავაორგანიზოთ პროცესი და რაც მთავარია, მეტი აქცენტი გადავიდეს საბრძოლო მომზადებაზე“.
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შესახებ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა:
„ყველანი ვიზიარებთ კრიტიკას, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, როდესაც მოდის ახალგაზრდა, ის გადის საწყის საბრძოლო მომზადების კურსს, მაგრამ ამის შემდეგ მისი დატვირთვა მაინცდამაინც არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. ოპონენტები აპელირებენ, რომ ახალგაზრდებს უწევთ საყარაულო ფუნქციის შესრულება, რაც ერთ-ერთი ფუნქციაა ჯარში...“.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ასევე დამუშავებულია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მუნიციპალიტეტში თავდაცვის სამინისტროს რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას. ის გააერთიანებს სამხედრო-სავალდებულო და რეზერვის სამსახურს.
პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.