
ახალგორელი აქტივისტი – გახარიას: „გთხოვთ, დაგველაპარაკოთ"
23/12/2020 11:51:46 კონფლიქტები
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გიორგი გახარიას შეხვედრას სთხოვს.
მეარაყიშვილი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
"გამარჯობა, ბატონო გიორგი. მე ვარ თამარ მეარაყიშვილი. სამოქალაქო აქტივისტი. ვცხოვრობ ახალგორში. აქედან გწერთ.
გავეცანი ინფორმაციას გეგმებზე, რასაც ჩვენი მიმართულებითაც აპირებთ.
რა საჭირო იყო ასეთი ლამაზი დაპირებების გაცემა პარლამენტში, სადაც კითხვას არ დასვამდნენ? ისედაც "დაგიჯერებდნენ", რომ ჩვენზე ფიქრობთ და ზრუნავთ.
არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი, სამწუხაროდ, რადგან თქვენთვის ადამიანი არაა მთავარი. არაერთხელ მოგმართეთ ღია წერილით, სატელევიზიო სივრციდან, რომ დაგეთმოთ რამდენიმე წუთი და მოგესმინათ ჩემთვის. მე ახალგორელებისგან მაქვს უფლება, დაგლაპარაკებოდით მათი სახელით, მაგრამ ჩემმა სურვილმა თქვენამდე ვერ მოაღწია.
მძიმე მდგომარეობაში ვართ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გთხოვთ, დაგველაპარაკოთ".- წერს მეარაყიშვილი.